ფეხბურთი

23:08 | 22.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ: "ვიცი, რომ სამაგალითო ვარ"

კრიშტიანუ რონალდუ „ოლდ ტრაფორდზე“ დაბრუნდა. 90 წუთით და მეტოქის რანგში. პორტუგალიელმა „მანჩესტერისა“ და „იუვენტუსის“ მატჩის წინ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

კრიშტიანუსთვის „ოლდ ტრაფორდი“ ემოციებთან ასოცირდება, თუმცა, აწმყოზეა კონცენტრირებული და ფიქრობს, რომ „იუვენტუსი“ გაიმარჯვებს.

„აქ დაბრუნება ჩემთვის დიდ ემოციებთან ასოცირდება. ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს, გამარჯვებები და დიდი სითბო. განსაკუთრებით, სერ ალექს ფერგიუსონთან, რომელიც ძალიან დამეხმარა.

„მანჩესტერი“ ძლიერი გუნდია, რომელსაც გამოცდილი მწვრთნელი ჰყავს. შესაბამისად, რთული თამაში გველოდება, მაგრამ ჩვენ „იუვენტუსი“ ვართ და ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ. მეტოქეებს ყოველთვის პატივს ვცემთ, თუმცა, ხვალ საღამოს ველოდები "იუვეს" გამარჯვებას და ასე თუ მოხდა, პრაქტიკულად პლეი-ოფში ვიქნებით.

არ მინდა, „რეალსა“ და „იუვეს“ შორის პარალელების გავლება. ორივე დიდებული გუნდია. ბედნიერი ვარ ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპით. ვიცი, რომ სამაგალითო ვარ, როგორც მოედანზე, ისე მოედანს მიღმა. ვფიქრობ, იღბლიანი ადამიანიც ვარ, რადგან დიდებულ გუნდში ვთამაშობ და ულამაზესი ოჯახი მყავს. ინდივიდუალური ჯილდოები ჩემი მთავარი მიზანი არაა. მნიშვნელოვანი „იუვენტუსია“, რომელიც ფანტასტიკური გუნდია“, - განაცხადა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რონალდუ „მანჩესტერში“ 2003-2009 წლებში თამაშობდა, ხოლო „იუვენტუსს“ გასულ ზაფხულს შეუერთდა. ამ გუნდთა მატჩი სამშაბათს, 23:00 საათიდან დაიწყება.

0.114141