საქმეს ისეთი პირი უჩანს, საქართველოს ახალი ჩემპიონი ეყოლება. რაღა დარჩა, ეროვნული ლიგის დასრულებამდე? 7 ტური და „საბურთალო“ ისტორიული ოქროს მედლებისკენ დამაჯერებლად მიიწევს. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მდევარ და ერთადერთ კონკურენტ, თანაქალაქელ „დინამოს“ 7 ქულით უსწრებს. და მაინც, პროგნოზები ფეხბურთში უმადური საქმეა და ვინ იცის, ყველაფერი შეიცვალოს. თანაც, არ დაგვავიწყდეს შარშანდელი სეზონი, რომელიც გამოირჩა დრამატიზმითა და საოცარი კულმინაციით. შესაძლოა, მთლად ასეთი ფინიში წელს არ გვქონდეს, მაგრამ ბევრი არც არაფერი დააკლდეს. 7 ქულა კარგი ფორაა, თუმცა გადაჭრით რამის თქმა არ შეიძლება.
თანაც, „დინამოს“ ერთი თამაში აქვს მარაგში და დაკარგული ქულებით სხვაობა ოდენ 4 ქულა გამოდის. მაგრამ, კახა კაჭარავას გუნდს ის თამაში მოსაგები აქვს („ტორპედოსთან“ 31 ოქტომბერს). გარდა ამისა, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი არაა დამაჯერებელი და არასტაბილურობით გამოირჩევა. ამაზე შედეგებიც მოწმობენ. მაგალითად, ბოლო სამ ტურში „დინამომ“ გამარჯვება ერთხელ მოიპოვა, რაც რა თქმა უნდა, ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდისთვის არაა მაინც და მაინც, სახარბიელო შედეგი.
მოდით, ბარემ ლიდერთა დარჩენილ კალენდარს გავეცნოთ:
„საბურთალო“ – „დილა“ (სტუმრად), „რუსთავი“ (შინ), „ლოკომოტივი“ (ს), „დინამო“ (შ), „ტორპედო“ (ს), „ჩიხურა“ (შ), „სამტრედია“ (ს).
„დინამო“ – „ტორპედო“ (შინ, გამოტოვებული მატჩი), „სამტრედია“ (სტუმრად), „ტორპედო“ (ს), „ჩიხურა“ (შ), „საბურთალო“ (ს), „სიონი“ (შ), „კოლხეთი“ (ს), „დილა“ (შ).
როგორც ხედავთ, ორივე გუნდს საკმაოდ რთული კალენდარი აქვს. თუმცა, ჩემპიონის ბედს დიდი ალბათობით, მაინც უშუალო დაპირისპირება გაარკვევს, რომელიც 33-ე ტურის ეგიდით შედგება და მასპინძელი „საბურთალო“ იქნება. წინ კი დაძაბული საჩემპიონო რბოლა გველოდება, რომელშიც ამ დროის გადმოსახედიდან ფავორიტად „საბურთალო“ მოსჩანს.
თუ პირველი-ორი ადგილი უკვე დაბევებულია და მხოლოდ ისღაა გასარკვევი ვინ იქნება ჩემპიონი და ვინ ვიცე-ჩემპიონი, გასარკვევია სხვა ადგილები. მაგალითად, ევროპა ლიგის ორი საგზურის მფლობელი. სამი გუნდი აცხადებს პრეტენზიას - „ჩიხურა“, „ტორპედო“ და „დილა“. ქუთათურებს ერთი თამაში აქვთ მარაგში და თუ „დინამოსთან“ მოიგებენ, კომფორტულ სიტუაციაში ჩაიგდებენ თავს. თუმცა, არაფრის გარანტორი არ იქნება ეს სამი ქულა. ვინაიდან, ძალზე დაძაბული ვითარებაა ამ სამ გუნდს შორის და სხვაობა სულ რაღაც კინკილა ქულაა. თანაც, აქ მხედველობაში საქართველოს თასის გათამაშებაც უნდა მივიღოთ.
ამ ეტაპზე სამი ნახევარფინალისტი ვიცით: „დინამო“, „გაგრა“ და „თელავი“, ხოლო „შუქურასა“ და „ტორპედოს“ 1/4 ფინალი წინ გველოდება. თუ ისე მოხდა, რომ „გაგრა“, „თელავი“ ან „შუქურა“ მოიგებს თასს, მაშინ ჩემპიონატიდან ევროპა ლიგის საგზური მხოლოდ მეორე-მესამე ადგილოსნებს ერგებათ (იგივე პრინციპი იმოქმედებს იმ შემთხვევაში თუ „ტორპედო“ მეხუთე ადგილზე გავა ელიგაში, ხოლო თასს თავად მოიგებს).
დაძაბული ვითარებაა გასავარდნ ზონაშიც. „კოლხეთი“ აუტსაიდერად მოსჩანს, რადგან ფოთელებს 6 ქულა აქვთ დაკლებული და პლეი-აუტთან ამ დროისთვის 5 ქულაა ჩამორჩენა, რომლის აღმოფხვრა რთული უნდა გამოდგეს. აი, პლეი-აუტში დიდი ალბათობით, „სამტრედიასა“ და ბოლნისის „სიონს“ ვიხილავთ. იმერლებმა ახლა მხოლოდ იმაზე უნდა იზრუნონ, რომ „კოლხეთთან“ 5-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნონ, რადგან სამშვიდობო, მე-7 ადგილთან სხვაობა 12 ქულაა... აი, „სიონს“ უფრო მეტი შანსი აქვს, რომ პლეი-აუტი თავიდან აიცილოს, მაგრამ „რუსთავი“ ბოლნისელებს 6 ქულით სჯაბნის და ეს სერიოზული ფორაა სეზონის ფინიშზე. საერთოდ, „რუსთავი“ და „ლოკომოტივი“ ის გუნდები არიან, რომლებსაც დიდი სატურნირო მოტივაცია არ ამოძრავებთ. ეს განსაკუთრებით „რკინიგზელებზე“ ითქმის. და მაინც, „რუსთავს“ თავი ქუდში არ აქვს, რადგან ნებისმიერ მომენტში შეიძლება ვითარება შეიცვალოს.
ბარემ, პირად ბრძოლებზეც ვთქვათ: ბომბარდირთა დავაში დაძაბული ვითარებაა: ოთხი ფეხბურთელს აქვს რეალური შანსი: გიორგი გაბედავა ლიდერია, მაგრამ კონკურენტთა სუნთქვას გამუდმებით გრძნობს:
გიორგი გაბედავა („ჩიხურა“) – 16 გოლი
მიკოლა კოვტალიუკი („დილა“) – 15
ბუდუ ზივზივაძე („დინამო“) – 14
ლეანდრო რიბეირო („დილა“) – 13
ოთარ კიტეიშვილი („დინამო“) – 11
ლევან კუტალია („ტორპედო“) – 10
გორის „დილას“ ბრაზილიელი ლეგიონერი ლეანდრო მეპასეებშიც გამორჩეულია და ლიდერიცაა - სამხრეთ ამერიკელის ანგარიშზე უკვე 11 საგოლე გადაცემაა. მეორე პოზიციაზე ოთარ კიტეიშვილია 9 პასით. მოგეხსენებათ, ოთარმა ეროვნული ლიგა ზაფხულში დატოვა და კვლავ რომ ლიდერებშია, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. შემდეგ მოდიან „საბურთალოელი“ ვაგნერ გონსალვეში და „ტორპედოელი“ გრიგოლ დოლიძე 7-7 პასით, ხოლო ბუდუ ზივზივაძემ თანაგუნდელებს 6-ჯერ გაატანინა.
გოლი+პასის სისტემით, ლეანდრო რიბეირო გამოკვეთილი ლიდერია - 13 გოლი, 11 პასი. ანუ ჯამში, 24 ქულა. შემდეგ მოდის ბუდუ ზივზივაძე (14 გოლი+6 პასი), ხოლო მესამე ადგილზე ვაგნერია (9 გოლი+7 პასი).
და ბოლოს, მეკარეებსაც ნუ დავუკარგავთ გარჯას: რა გასაკვირია, საქართველოს ნაკრების მეკარეები რომ ლიდერობენ: ლაზარე კუპატაძემ უკვე მოასწრო 13 მშრალი მატჩის ჩატარება, ხოლო კვალში როინ კვასხვაძე უდგას (12 თამაშით). სამეულს ასრულებს „ჩიხურას“ ბოსნიელი კარის დარაჯი დინო ჰამზიჩი (10 მშრალი შეხვედრა).
ეროვნულ ლიგაში საინტერესო ფინიში გველოდება...