18-21 ოქტომბერს ჩათვლით ბელარისის დედაქალაქ მინსკში საერთაშორისო ტურნირი Ice Star 2018 გაიმართა, რომლის ერთეულთა კატეგორიაში ქართველი მოციგურავეები ირაკლი მაისურაძე და ალინა ურუშაძე გამოდიოდნენ. ამ ინფორმაციას საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ირაკლისა და ალინასთვის მინსკის ტურნირი მორიგი სერიოზული საერთაშორისო სტარტი იყო სომხეთის ეტაპის შემდეგ და მიუხედავად იმისა, რომ ქართველ მოციგურავეები ახალ სტარტს მხოლოდ 5 დღიანი ინტერვალით შეხვდნენ, ჩვენებურები შეჯიბრზე ფიზიკურად და მორალურად მაქსიმალურად მომზადებულები და გამარჯვებისთვის განწყობილები გაემგზავრნენ.
მინსკის საერთაშორისო ტურნირზე სენიორთა და იუნიორთა კატეგორიაში სულ 16 ქვეყნის 102 მოციგურავე მონაწილეობდა. 10 ქვეყნის 15 მოციგურავე ვაჟს შორის იასპარეზა ირაკლი მაისურაძემ და მოკლე და თავისუფალი პროგრამები წარმოადგინა. მაღალი კონკურენციის პირობებში მან 209.14 ქულით პირველი ადგილი და ოქროს მედალი დაიმსახურა, რაც სეზონის დასაწყისისათვის წარმატებული შედეგი და სერიოზული განაცხადია მომავალ ტურნირების წინ, მისი ცნობადობის გაზრდისა და კონკურენტუნარიანი რეიტინგისთვის.
ასევე საკმაოდ დამაჯერებლად გამოვიდა ალინა ურუშაძეც, რომელიც 11 ქვეყნის 22 მონაწილეს შორის ასპარეზობდა. მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამურმა მაჩვენებელმა (139.12) ის მხოლოდ 1.4 ქულით დააშორა ბრინჯაოს მედალს.
ნიშანდობლივია, რომ ალინამ თავისუფალ პროგრამაში მესამე ადგილი დაიმსახურა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ელემენტთა ტექნიკური მონაცემებითა და პროგრამის კომპონენტური შემადგენლობით, იგი მზად არის მომავალ ტურნირებზე კონკურენტული ასპარეზობისათვის.