„ინტერი“ ყველაზე სახიფათო მატჩის ბოლო 15 წუთშია. „ნერაძურის“ „დერბი დელა მადონინამდე“ ხსენებულ მონაკვეთში მხოლოდ სერია A-ს ეგიდით 6 გოლი ჰქონდა მიმდინარე სეზონში გატანილი (გარდა ამისა, 2 ჩემპიონთა ლიგაზეც), რაც საუკეთესო შედეგი იყო იტალიაში. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენზე უკეთ ჯენარო გატუზოს და მის შეგირდებს უნდა სცოდნოდათ, მაგრამ ბოლოს კონცენტრაცია მაინც დაკარგეს.
ჯანლუიჯი დონარუმა შეცდა, მაურო იკარდი - არა. მილანური დერბი უგოლო ფრესთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მსაჯის მეორე დამატებულ წუთზე „როსონერის“ დაცვა ჩავარდა, რასაც მეკარის დაუდევარი მოქმედებაც დაემატა და იკარდი ის ფეხბურთელია, რომელიც მსგავს საჩუქრებს სიამოვნებით ირგებს.
სიმართლე რომ ვთქვათ, თუ ვინმე მოგებას იმსახურებდა, ეს „ინტერი“ გახლდათ, რომელიც მასპინძლის როლში იყო და უფრო მეტად იწევდა შეტევაში, ვიდრე მისი ოპონენტი. პირველ ტაიმში ორჯერ შეირხა კარის ბადე. ჯერ იკარდის გოლი გაუქმდა, შემდეგ მატეო მუსაკიოს. ორჯერვე თამაშგარის გამო და ორჯერვე სამართლიანად. „ნერაძური“ ტერიტორიულ უპირატესობასაც ფლობდა და სახიფათო მომენტებს გაცილებით უკეთ ქმნიდა. სტეფან დე ვრეის ძელმა შეუშალა ხელი, ხოლო მატეო ვესინომ ხელსაყრელი სიტუაციიდან ააცილა. საპირისპიროდ? სუსო აქტიურობდა, მაგრამ თანაგუნდელები მხარს ვერ უბამდნენ. დე ვრეისა და მილან შკრინიარის დუეტმა გონსალო იგუაინი მთლიანად გამოთიშეს თამაშიდან და „პიპიტა“ 90 წუთი უბურთოდ იყო. ამას შესაძლოა მეორე ახსნაც მოვუძებნოთ - თანაგუნდელებს ვერ მიჰქონდათ არგენტინელამდე ბურთი. „მილანის“ პასიურობაზე შეტევაში ის ფაქტიც მეტყველებს, რომ პირველ ტაიმში მეტოქის საჯარიმო მოედანში ბურთს სულ რაღაც ოთხჯერ შეეხნენ შავ-წითლები. ეს მიმდინარე სეზონის ანტირეკორდია ლომბარდიულია გუნდისთვის და ეს რა თქმა უნდა, ძალიან მწირი მაჩვენებელია.
ფაქტია, გატუზო თანახმა იყო ქულაზე და ძალიან ახლოსაც იყო მიზანთან, მაგრამ ბოლოს მის გუნდს არ გაუმართლა. რინომ ნამატჩევს აღიარა, რომ მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა და ახალგაზრდა შეგირდი (დონარუმა) დაიცვა. მისი შეცდომის გამო არ წაგვიგია და თავი დაანებეთო. ამასობაში, „ინტერი“ მესამე ადგილზე აღზევდა და ლიდერთან სხვაობა 6 ქულამდე შეამცირა. წინ კი, ჩემპიონთა ლიგა და ლეო მესის გარეშე დარჩენილი „ბარსელონაა“.
„მილანი“? – „როსონერიმ“ სეზონში მეორედ წააგო, მაგრამ მე-12 ადგილზეა. ერთიცაა, გატუზოს გუნდს ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და თუ მოახერხებს იმ მატჩის მოგებას (31 ოქტომბერს, „ჯენოასთან“), მეხუთე ადგილამდე აიწევს. ანუ, გამოდის, რომ ოთხეულის შემდეგ სატურნირო ცხრილში საოცარი სიმჭიდროვეა.
სხვა მატჩებზეც - ბევრისთვის იტალიის ნაკრების დამაქცევარი ჯამპიერო ვენტურა სერია A-ში დაბრუნდა, მაგრამ ვაი ასეთ დაბრუნებას. ვენტურას „კიევო“ საკუთარ „ბენტეგოდიზე“ ბერგამოს „ატალანტასთან“ შერცხვა - 1:5. იოსიპ ილიჩიჩის ბენეფისად გადაიქცა ეს თამაში, რომელმაც სამჯერ დაამწუხრა მეტოქე. სხვათა შორის, სლოვენიელმა იტალიის ჩემპიონატში მეორედ შეასრულა ჰეთ-თრიქი. ორჯერვე ამის გაკეთება 2018 წელს და ორჯერვე „ბენტეგოდის“ სტადიონზე მოახერხა (პირველად მარტში, „ვერონასთან“). „კიევო“ მძიმე დღეშია, ჯერ დაკლებული ქულებიც არ გაუნულებია...
რომის „ლაციო“ დერბიში მარცხის მერე ფერზე მოდის და ოთხეულში შევიდა. სიმონე ინძაგის გუნდმა მორიგი გამარჯვება პარმაში მოიპოვა. „ენიო ტარდინიზე“ მეტოქე ქულისთვის იყო მინდორზე გასული და დიდხანს თავს კარგად იცავდა, მაგრამ ბოლოს ჩირო იმმობილემ თქვა გადამწყვეტი სიტყვა. ჯერ პენალტი გაიტანა, მერე ხოაკინ კორეას გაატანინა.
ტრავმირებულ ლევან მჭედლიძის გარეშე „ემპოლი“ სტუმრად უშუალო კონკურენტ „ფროზინონეს“ დაუზავდა. თამაში უხვგოლიანი იყო და 3:3 დასრულდა. ტოსკანელებმა მარცხისგან თავი დებიუტანტი თურქის, სალიჰ უჯანის ლამაზი გოლით დაიძვრინეს.
კიდევ ორი თამაში დასრულდა მეცხრე ტურში მშვიდობიანად. „ფიორენტინამ“ „კალიარის“ ვერაფერი დააკლო, ხოლო „ტორინო“ „ბოლონიას“ სტუმრად 2:0 ამარცხებდა, მაგრამ პიპო ინძაგის ბიჭებმა ხასიათი გამოავლინეს და ქულა მაინც მოიპოვეს.
ტური ორშაბათს, „სამპდორიასა“ და „სასუოლოს“ შეხვედრით დასრულდება.
„ინტერი“ – „მილანი“ 1:0 (0:0) VIDEO
მილანი, „ჯუზეპე მეაცა“
„ინტერი“ (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; ვრსალკო, დე ვრეი, შკრინიარი, ასამოა; ვესინო, ბროჟოვიჩი; პოლიტანო (კანდრევა 82), ნაინგოლანი (ბორხა ვალერო 30), პერიშიჩი (კეიტა 70); იკარდი
მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი
„მილანი“ (4-3-3): დონარუმა; კალაბრია (აბატე 90), მუსაკიო, რომანიოლი, როდრიგესი; კესიე (ბაკაიოკო 84), ბილია, ბონავენტურა; სუსო, იგუაინი, ჩალჰანოღლუ (კუტრონე 74)
მწვრთნელი: ჯენარო გატუზო
გოლი: 1:0 იკარდი(90)
გაფრთხლება: პოლიტანო (75), კეიტა (90) - ბილია (20), ჩალჰანოღლუ (44), კალაბრია (45), სუსო (61), ბაკაიოკო (90)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (7) – 9 (2) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 9:4 თამაშგარე: 1:1
მსაჯი: მარკო გუიდა
„ფროზინონე“ – „ემპოლი“ 3:3 (1:1)
გოლები: 1:0 სილვესტრე (8, ა.გ), 1:1 ზაიჩი (32), 1:2 სილვესტრე (48), 2:2 ჩიოფანი (54, პენ), 3:2 ჩიოფანი (63), 3:3 სალიჰ უჩანი (79)
„კიევო“ – „ატალანტა“ 1:5 (0:2)
გოლები: 0:1 დე რუნი (25), 0:2 ილიჩიჩი (28), 0:3 ილიჩიჩი (50), 0:4 ილიჩიჩი (52), 0:2 გოსენსი (72), 1:5 ბირსა (84, პენ)
„ბოლონია“ – „ტორინო“ 2:2 (0:1)
გოლები: 0:1 იაგო ფალკე (13), 0:2 ბაზელი (54), 1:2 სნატანდერი (59), 2:2 კალაბრეზი (77)
„პარმა“ – „ლაციო“ 0:2 (0:0)
გოლები: 0:1 იმმობილე (81, პენ), 0:2 კორეა (90)
„ფიორენტინა“ – „კალიარი“ 1:1 (0:0)
გოლები: 1:0 ვერეტუ (60, პენ), 1:1 პავოლეტი (69)