ფეხბურთი

1:49 | 22.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიაშიც გაიტანა (+VIDEO)

გიორგი ჩაკვეტაძემ საქართველოს ნაკრების შემდეგ "გენტშიც" გაიტანა. ქართველმა შემტევმა იუპილერ ლიგის მე-11 ტურში "ოსტენდე" დაამწუხრა. 59-ე წუთზე ჩვენებური შემტევი მეკარესთან პირისპირ დარჩა და გატანა არ გასჭირვებია.

საერთოდ, გიორგი ძალზე აქტიური იყო და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესოც. გოლიდან მალევე, მოედნის ცენტრში მეტოქეს ბურთი მოპარა, დრიბლინგით კარამდე იარა და იარემჩუკს უპასა, რომელმაც ვერ ივარგა და კარს ააცილა. "გენტმა" გატანა კიდევ მოახერხა. ამჯერად ლიმბომბემ და ამაში ჩვენებურის წვლილი დიდი იყო: ჩაკვეტაძემ შორიდან დაარტყა, მეკარემ მოიგერია და ლიმბომბემ დაამატა. 19 წლის ქართველი პიერველ ტაიმშიც არ ყოფილა უსაქმოდ, საგოლე შანსიც ჰქონდა და მეორე საგოლე კომბინაციაც მისი გარღვევით დაიწყო.

უშუალოდ შეხვედრა, "გენტმა" 4:0 მოიგო და იეს თორუპის წარმატებული დებიუტიც შედგა. ბუნებრივია, სასიხარულოა, რომ ახალი მთავარი მწვრთნელის პირველივე მატჩში გიორგიმ მაღალ დონეზე ითამაშა. ბელგიელთა კიდევ ერთ ქართველ ლეგიონერ გიორგი ქვილითაიას არ უთამაშია. მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების ფორვარდი ტრავმირებულია.

ჩაკვეტაძეს იუპილერ ლიგაში 11 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი, ხოლო "გენტი" 17 ქულით მეექვსე ადგილზე იმყოფება.

0.11601