ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური (90 კგ.) მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ბექაურმა ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში მიმდინარე ტურნირის ფინალში იაპონელი სანშირო მურაო 37 წამში დააიპონა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალამდე ლაშამ 4 გამარჯვება იზეიმა. ჩვენებურმა კანადელ ბემჯამინ კენდრიკს ვაზარი აართვა, ლატვიელი ემილს გერკენსი მალევე დააიპონა, იაპონელ კოსუკე მაშიამასთან ყველაზე რთული შერკინება გადაიტანა და 5:16 წუთის თავზეღა დაჯაბნა, ნახევარფინალში კი სერბ დარკო ბრასნიოვიჩი ვაზარიზე 2-ჯერ დააგდო.
დღესვე, ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა ლუკა მაისურაძემ (81 კგ.), რომელმაც საწყის წრეებში მექსიკელი ფრაისერ ტინტოსი და აზერბაიჯანელი მურად ფატიევი, შესაბამისად, იპონითა და ვაზარით დაამარცხა, მეოთხედფინალში კი უნგრელ რობერტ რაიკაისთან იპონითვე წააგო. რეპეშაჟში მაისურაძემ თანაგუნდელ ტატო გრიგალაშვილი დააიპონა, ხოლო ბრინჯაოს შერკინებაში ტაჯიკი ჯახონგირ მაჯიდოვი ვაზარიზე 2-ჯერ დააგდო.
ხსენებულმა გრიგალაშვილმა მსოფლიო პირველობა ჰოლანდიელი კოენ ვან ვინდენის ვაზარით ძლევით გახსნა, თურქი მუჰამედ კოჩი იპონზე დააგდო, მეოთხედფინალი კი მომავალ ვერცხლის მედალოსან – იაპონელ ჰირომასა კასაჰარასთან დამატებით დროში წააგო. ამის შემდეგ, ტატო რეპეშაჟში გადაერთო, სადაც მის მაისურაძესთან მარცხზე ზემოთაც ვთქვით.
დღესვე ტატამზე მარიამ ჭანტურიაც (70 კგ.) ვიხილეთ, რომელმაც პირველ რაუნდში ამერიკელ ჯულია სიმონიანს იპონით სძლია, შემდეგ კი, ბრაზილიელ ელენ სანტანასთან “გოლდენ სქორში” იპონზე თავად დაეცა.
ინდივიდუალური პირველობის დასკვნით დღეს ტატამზე კიდევ ოთხ ჩვენებურს ვიხილავთ. 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში ზაურ კენჭაძე მე-2 წრეში გერმანელ დანიელ ზორნს გაეჯიბრება, ონისე სანებლიძე კი აზერბაიჯანელ ადილ კარიმლისა და გერმანელ ივო ვიტასეკს შორის უმჯობესს ელის.
მძიმე წონაში გელა ზაალიშვილი (+100 კგ.) ასევე მე-2 რაუნდშია დაშვებული და მონღოლი ცეცენცენგელ ოდხუსა და იაპონელი ტაცურუ საიტოს ორთაბრძოლაში გამარჯვებულს გაეჯიბრება.
გოგონათა მძიმე წონით კატეგორიაში (+78 კგ.) სოფიო სომხიშვილი ძალებს ავსტრიელ მარია ჰოელვარტთან მოსინჯავს, წარმატების შემთხვევაში კი, იაპონელ ჰიკარუ კოდამასთან ჭიდილი ელის.