კალათბურთი

15:35 | 19.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

სანაძე კარიერას “გიპუზკოა ბასკეტში” გააგრძელებს
დუდა ესპანურ კლუბში ბექა ბურჯანაძესთან ერთად ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი დუდა სანაძე ესპანური “გიპუზკოა ბასკეტის” წევრი გახდა. 26 წლის ქართველი მცველი ბოლო 2 კვირის განმავლობაში სან სებასტიანელებთან ერთად ვარჯიშობდა, რის შემდეგაც მასთან კონტრაქტის გაფორმება გადაწყდა.

სანაძესთან ხელი კონტრაქტს 1 თვე+7 თვე ფორმატით მოეწერა. უკეთ ავხსნათ: თუკი 1 თვის გასვლის შემდეგ, ორივე მხარე თანახმა იქნება, ხელშეკრულება ავტომატურად სეზონის ბოლომდე გაგრძელდება.
“გიპუზკოა ბასკეტის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე სანაძეს შორეულ ტყორცნას უქებენ და იმედი აქვთ, რომ მისი სამქულიანები გუნდისთვის სარგებლის მომტანი იქნება.
შეგახსენებთ, რომ სანაძემ გასული სეზონი იტალიურ “პისტოია ბასკეტში” გაატარა, თუმცა, იქიდან წამოსვლა ტრავმის გამო მოუხდა. მანამდე, დუდას თბილისის “დინამოში”, “რუსთავში”, “ბათუმში” და სლოვენიურ “პრიმორსკაში” უთამაშია, 4 წელი კი წევრ “სან დიეგოში” აქვს გატარებული.
სათქმელია, რომ სანაძე “გიპუზკოა ბასკეტში” თავს ეულად ნამდვილად არ იგრძნობს, რადგანაც იქ საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი ბექა ბურჯანაძე დახვდა. სხვა საქმეა, რომ ამ უკანასკნელს კვლავ ტრავმა აწუხებს და გასულ ტურში მოედანზე გასვლა ვერ მოახერხა.
უკვე ცნობილია, რომ სანაძის ესპანური დებიუტი კვირას, 21 ოქტომბერს შედგება, როდესაც “გიპუზკოა ბასკეტი” ACB ლიგის მე-5 ტურში ბადალონას “ხუვენტუტს” ესტუმრება. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, დუდასა და ბექას გუნდს ოთხივე მატჩი წაგებული აქვს და ბოლო – მე-18 ადგილზე იმყოფება.

0.130124