დღეს, ევროლიგის მე-3 ტურში, თორნიკე შენგელიას “ბასკონია” მადრიდის “რეალს” ესტუმრება. შეგახსენებთ, რომ ბასკურმა კლუბმა საწყის ტურში “ჟალგირისთან” გამარჯვების კვალად, შინაურ კედლებში “ოლიმპიაკოსთან” წააგო, “რეალს” კი ორივე შეხვედრა მოგებული აქვს, “დარუშაფაკასთანა” და “მილანთან”. მოახლოებული მატჩის შესახებ შენგელიამ ასეთი კომენტარი გააკეთა:
“ორივე გუნდი ერთმანეთს კარგად იცნობს. მადრიდელებს შეტევაში მრავალფეროვანი არსენალი აქვთ, ამდენად, დაცვაში მაქსიმალური კონცენტრაციითა და ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. “ბასკონია” ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად უნდა იყოს და არა აქვს მნიშვნელობა, წინ ვიქნებით, თუ ჩამორჩენის აღმოფხვრა მოგვიწევს. საჭიროა, მენტალური სიმტკიცე ბოლო წუთამდე შევინარჩუნოთ”.
ცხადია, ქართველი ლეგიონერის სტატისტიკის გათვალისწინებით, მომავალ შეხვედრაში, მასზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ცნობისთვის, შენგელიას მინიმუმ 10 ქულა ბოლო შვიდ მატჩში აქვს ჩაგდებული, სარგებლიანობის კოეფიციენტად კი ათიანი უკანასკნელ ათ მატჩში, ბოლო 28-დან კი 27 შეხვედრაში უწერია.
დღევანდელი დაპირისპირება მადრიდულ “ვიზინკ სენთერში” თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.