ბუენოს აირესში საზეიმოდ დაიხურა ზაფხულის მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები, რომელშიც მსოფლიოს 206 ქვეყნის სპორტსმენები გამოდიოდნენ. თამაშების დასკვნითი ცერემონია ოლიმპიურ სოფელში ჩატარდა. მონაწილე ქვეყნების მედროშეთა ტრადიციულ აღლუმს წინ უძღოდა ცერემონიის ოფიციალური ნაწილი: სპორტსმენებს, მწვრთნელებს, მსაჯებს, საერთაშორისო სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს, მოხალისეებს, ეროვნული ოლიმპიური დელეგაციების ხელმძღვანელებს მიმართეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა, ბუენოს აირესის მერმა, თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ.
თომას ბახმა მაღალი შეფასება მისცა ოლიმპიადის ორგანიზატორების გარჯას და აღნიშნა, რომ ეს იყო ინოვაციური თამაშები, რომელმაც გააერთიანა მთელი მსოფლიოს ახალგაზრდა სპორტსმენები და მათა აჩუქა ემოციებით აღასვსე დაუვიწყარი დღეები.
მედროშეთა აღლუმი, ტრადიციულად, ბერძნებმა გახსნეს, ბოლოს კი გამოჩნდა მასპინძელი ქვეყნის - არგენტინის დროშა. საქართველოს დროშის გამოტანის პატივი ერგო ახალგაზდული ოლიმპიური თამაშების პირველ ქართველ ჩემპიონს, სენაკელ მოჭიდავეს - გიორგი ჩხიკვაძეს.
ქართველმა სპორტსმენებმა ოლიმპიადაზე 6 მედალი მოიპოვეს (1 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) და საერთო ჩათვლაში, მედლების ხარისხობრივი მაჩვენებლის გათვალისწინებით, საბოლოოდ 44-ე ადგილი ერგოთ.
მომავალი, 2022 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების სენეგალის დედაქალაქ დაკარში გაიმართება. თომას ბახმა სწორედ სენეგალის მერს სოჰამ ელ ვარდამის გადასცა ოლიმპიური დროშა.
www.geonoc.org.ge