„პარი სენ-ჟერმენის“ და ურუგვაის ნაკრების შემტევი, ედინსონ კავანი, მომავალ ზაფხულს პარიზული კლუბიდან წასვლას გეგმავს - წერს La Gazzetta dello Sport.
31 წლის ფეხბურთელი უკმაყოფილო ყოფილა გუნდში ამჟამინდელი მდგომარეობით. კერძოდ, იმით, რომ პარტნიორები, ნეიმარი და კილიან მბაპე მინდორზე იშვიათად აქცევენ ყურადღებას.
კონტრაქტი კი კავანის პარიზულ კლუბთან 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
ახლახან ესპანურ მედიაში დაიწერა: ურუგვაელით მადრიდის „რეალი“ და „ატლეტიკო“ არიან დაინტერესებულიო.
წლევანდელ სეზონში კავანიმ პსჟ-ის მაისურით 6 მატჩი გამართა. 5 ბურთი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემით გამოირჩა.
შეგახსენებთ, რომ კავანი „პარი სენ-ჟერმენის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.