„ბარსელონას“ ჩილელი ნახევარმცველი, არტურო ვიდალი, ღამის კლუბში ჩხუბისთვის 800 ათასი ევროთი დააჯარიმეს - გადმოგვცემს TZ.
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს, ვიდალმა, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ „ბაიერნის“ ფეხბურთელი იყო, მიუნხენის ერთ-ერთ ღამის კლუბში გვარიანი მუშტი-კრივი გამართა. მავანი დაზარალებულისთვის მაშინ თავში ბოთლი ჩაურტყამთ.
სასამართლო კი გუშინ გაიმართა. თუმცა ვიდალი მას არ დასწრებია, რადგან ჩილეს ნაკრებთან ერთად მექსიკაში იმყოფება.
განაჩენი დაუსწრებლად გამოიტანეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, უახლოესი 80 დღის განმავლობაში ვიდალმა ჯარიმა - 800 ათასი ევრო უნდა გადაიხადოს.
სასამართლომ მის ძმა სანდრინოც დასაჯა, რომელიც ასევე მონაწილეობდა ჩხუბში. თუმცა მისი საჯარიმო სანქცია გაცილებით ნაკლებია. სანდრინომ 120 დღის განმავლობაში 18 ათასი ევრო უნდა გადაიხადოს.