სხვა

15:12 | 15.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

იუნიორთა სერიები დასრულდა, საქმეში ყვითელაშვილი ერთვება

ერევანში გამართულ გრან-პრის სერიის მეშვიდე ეტაპზე, გარდა მოცეკვავე წყვილისა მარია კაზაკოვა და გიორგი რევიას შემადგენლობით, რომლებმაც ორი ეტაპის ჯამური შედეგით გრან-პრის ფინალის საგზური მოიპოვეს, ერთეულ თანრიგებში ასპარეზობდნენ ირაკლი მაისურაძე (ვაჟები) და ალინა ურუშაძე (გოგონები).

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, გრან პრიზე სულ 30 ქვეყნის 75 სპორტსმენი ასპარეზობდა. მაისურაძე საკმაოდ დამაჯერებლად გამოვიდა და მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში 180.69 ქულით 20 მონაწილე ბიჭს შორის მე-8 ადგილი დაიმსახურა.
დებიუტანტი ალინა ურუშაძესათვის ეს, გრან-პრის ეტაპებზე პირველი სერიოზული საერთაშორისო სტარტი იყო და საკმაოდ წარმატებულიც. მსაჯებმა და სპეციალისტებმა აღნიშნეს დებიუტანტი სპორტსმენის პერსპექტიული გამოსვლა. 27 გოგონას შორის, ჯამური 165.37 ქულით ალინა მე-6 ადგილზე გავიდა. ახალგაზრდა სპორტსმენმა დამაჯერებელი გამოსვლა აჩვენა როგორც მოკლე, ასევე – თავისუფალ პროგრამებში და ტექნიკურად საკმაოდ რთული ელემენტები შეასრულა.
გრან-პრის მეექვსე ეტაპზე, რომელიც სლოვენიაში გაიმართა, გოგონებს შორის ერთეულთა კატეგორიაში მონაწილეობდა კიდევ ერთი ქართველი მოციგურავე ანადეა გულბიანი-შმიდტი, რომელიც ჯამური 96 ქულით, 36 მონაწილეს შორის 25-ე ადგილზე გავიდა.
ამით იუნიორთა გრან-პრის სერიები დასრულდა, სენიორებს შორის გრან-პრის გათამაშება კი სტარტს “სკეიტ- ამერიკის” ეტაპით აიღებს, რომელიც 19-21 ოქტომბერს აშშ-ს ქალაქ ევერეტში შედგება. შტატებში, ვაჟების კატეგორიაში იასპარეზებს ქართველი მოციგურავე მორის ყვითელაშვილი. ამასთან, ტურნირზე მიწვეულია საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სალომე ჩიგოგიძე.

0.123842