კალათბურთი

23:27 | 14.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის და მაკფადენის შედეგიანი მატჩები

გიორგი შერმადინის “უნიკახამ” ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ მატჩში ევროლიგის მონაწილე “გრან კანარიას” 89:76 სძლია, ქართველი ცენტრი კი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 24:22 წუთში 17 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში) და 2 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 10-დან 7 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ჩვენებურის სარგებლიანობის კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა და ის მხოლოდ თანაგუნდელ ხაიმე ფერნანდესს (24) ჩამორჩა, რომელმაც 22 ქულა ჩააგდო.
“უნიკახას” 3 მოგება და 1 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში თორნიკე შენგელიას “ბასკონიასთან” და თად მაკფადენის “იბეროსტარ ტენერიფესთან” ერთად, მესამე-მეხუთე ადგილებს იყოფს.
ცნობისთვის, ტენერიფელები ბექა ბურჯანაძის “გიპუზკოა ბასკეტს” სტუმრობდნენ და მართალია, თავიდან სოლიდური სხვაობით ჩამორჩნენ, საბოლოოდ, ოვერტაიმში 79:73 იმარჯვეს.
ბურჯანაძე მასპინძელთა განაცხადში არ ყოფილა, მაკფადენი კი სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ და ტრადიციულად შედეგიანად გაისარჯა. მან ძირითადი დროის ბოლო წამებზე ანგარიში გაათანაბრა, დამატებით ხუთწუთეულში კი 7 ქულა ჩააგდო.
საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა 25:34 წუთში 18 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი და ჩაჭრა მოაგროვა.
მაკფადენმა 6-დან 4 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 5-ჯერ დაირღვა.
შედეგად, თადის სარგებლიანობის კოეფიციენტი 20-ს გაუტოლდა და ის სტუმართა რიგებში საუკეთესო იყო.
“იბეროსტარ ტენერიფე” 20 ოქტომბერს “ესტუდიანტესს” ეთამაშება, “უნიკახა” “მანრესას” ესტუმრება, “გიპუზკოა ბასკეტი” კი, პირველი გამარჯვების მოპოვებას, 21 ოქტომბერს, “ხუვენტუტთან” ეცდება.

0.115708