ერთა ლიგის ჯგუფურმა ეტაპმა ეკვატორი გადალახა და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოიკვეთა ის გუნდები, რომლებიც ნახევარფინალში ითამაშებენ. სასიამოვნოა, რომ მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს ნაკრებია.
მართალია წინ სამი ტურია და ფეხბურთში პროგნოზები უმადური საქმეა, მაგრამ მოდით გავკადნიერდეთ და ვაღიაროთ: გაუგონარი სასწაული უნდა მოხდეს, რომ ვლადიმირ ვაისმა D დივიზიონის პირველი ჯგუფი ვერ მოიგოს. გაოფიციალურებას უკვე ორ დღეში, რიგაში ველოდებით, სადაც შესაძლოა ფრეც საკმარისი გამოდგეს, მაგრამ, აი, გამარჯვების შემთხვევაში, წყალი აღარ გაუვა - პირველი ადგილი საქართველოს ნაკრების იქნება.
უპირატესობა უდიდესია. ბედის ირონიით, განვლილ სამ ტურში ისე აეწყო, რომ გამარჯვებული მხოლოდ საქართველოს ნაკრები გამოდის. შედეგად, „ჯვაროსნებს“ 9 ქულა აქვთ, ჩინებული ბურთების ბალანსით - 6:0. ეს შედეგი კიდევ უფრო შთამბეჭდავია იმის ფონზე, რომ დანარჩენ სამ ნაკრებს ჯამში აქვთ ექვსი ქულა. ლატვია, ყაზახეთი და ანდორა ჯერჯერობით ოდენ 2 ფრითა და 1 წაგებით იწონებენ თავს და მოკლედ, სხვაობა სოლიდურია - 7 ქულა.
სასწაულები ხდება, მაგრამ ეს, ის შემთხვევაა არაა, სასწაული რომ მოხდეს. მოკლედ, საქართველოს ნაკრებს ნახევარფინალში ველოდებით. აი, იქ უკვე გაცილებით რთული და მძიმე ბრძოლები გველოდება. სხვა თუ არაფერი, ევროპის ჩემპიონატთან ორი ნაბიჯი იქნება დაშორება და თანაც, დივიზიონის საუკეთესო გუნდები იქნებიან თავმოყრილნი.
თუ საქართველოს თავი ქუდში აქვს, მაშინ რახდება სამი ტურის თავზე დანარჩენ სამ ჯგუფში?
ჩვენს მსგავსად ფაქტობრივად უკვე გაინაღდა პლეი-ოფი მაკედონიამ. საერთოდაც, როდესაც დივიზიონი დაკომპლექტდა, იმთავითვე ნათელი იყო, რომ საქართველოს ძირითადი და ყველაზე სახიფათო კონკურენტი მაკედონია იქნებოდა. იგორ ანგელოვსკის გუნდი ძალიან დამაჯერებელია ჯგუფურ ეტაპზე.
მეოთხე ჯგუფში მაკედონიამ სამივე თამაში მოიგო, 8 გოლი გაიტანა და ერთადერთი გაუშვა. უპირატესობა კიდევ უფრო მყარია იმის ფონზე, რომ ჩვენი მეტოქეებისა არ იყოს, ვერც მაკედონიელთა კონკურენტები ვარგობენ. სომხეთს, გიბრალტარსა და ლიხტენშტეინს ოდენ 3-3 ქულა აქვთ.
საერთოდ, მაკედონია შემადგენლობის მხრივაც სოლიდურ გუნდად მოსჩანს. ლისაბონის „სპორტინგის“, „ჯენოას“, „პალერმოს“, „რაიო ვალეკანოს“, „ლიდს იუნაიტედის“, „ლევანტეს“, „ფენერბახჩეს“ მოთამაშეები ჰყავს. გორან პანდევი, ალექსანდრ ტრაიკოვსკი, ილია ნესტოროვსკი, ეზგიან ალიოსკი, ელიფ ელმასი, სტოლე დიმიტრევსკი, ენის ბარდი - მართლაც კარგი შემადგენლობაა და ნათელია, რომ მაკედონიასთან ჭიდილი ადვილი არ იქნება.
აი, იგორ ანგელოვსკი გუნდს 2015 წლიდან ხელმძღვანელობს და პროგრესი თვალში საცემია. მისი ხელმძღვანელობით მაკედონიამ დღემდე 24 თამაში ჩაატარა, 10 მოიგო, 5 ფრე ითამაშა და ოდენ 9 წააგო. მაგალითად, მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევ ციკლში მაკედონიას ციდან ვარსკვლავები არ დაუკრეფავს, მაგრამ ტურინში, იტალიის ნაკრებს დაუზავდა. იმავე იტალიას სკოპიეშიც დიდი ბრძოლა გაუმართა და 85-ე წუთამდე ამარცხებდა (2:1), მაგრამ ბოლოს გატყდა და წააგო (2:3). საერთოდაც, ბოლო 10 თამაში არ წაუგია. 6 მოგება (მათ შორის ნორვეგიასთან სკოპიეში, ისრაელთან სტუმრად) და 4 ფრე (იტალიასთან სტუმრად, ფინეთთან, ალბანეთთან). ანგელოვსკის გუნდი ბოლოს 2017 წლის ივნისში, საკუთარ მოედანზე დამარცხდა და თვით ესპანეთთან, ბრძოლაში - 1:2. მანამდე იყო ფრე თურქეთთან და ბელარუსისა (3:0) და ლიხტენშტენის განადგურებები (4:0). მოკლედ, სახიფათო გუნდია მაკედონია, ყველაზე მეტად სახიფათოც.
აი, დანარჩენი ორი მეტოქე კი ჯერ კიდევ არაა გამოკვეთილი. მაგალითად მეორე ჯგუფში, ამ დროისთვის ლიდერი ბელარუსია, მაგრამ ლუქსემბურგში აქვს სათამაშო, რომელსაც კინკილა ქულით სჯაბნის. ამ ეტაპზე არ ჩამოვწეროთ მოლდოვაც, რომელიც ლიდერს მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება.
მესამე ქვეჯგუფს რაც შეეხება, აქ კოსოვოს ნაკრები ლიდერობს ასევე 7 ქულით და ერთი კონკურენტი ჰყავს - აზერბაიჯანი. ჩვენმა მეზობელმა საწყისი ორი ფრის შემდეგ მესამე ტურში მოიგეს. ამ ჯგუფში დიდი ალბათობით ყველაფერი ნოემბერში გაირკვევა, როდესაც კოსოვო - აზერბაიჯანს უმასპინძლებს.
არ იქნება ადვილი, ისეთი ადვილი, როგორიც ჯგუფური ეტაპი აღმოჩნდა. ევროპის ჩემპიონატმდე მანძილი ჯერ კიდევ დიდია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ თუ იქ თამაში გვინდა, ვერც მაკედონიამ უნდა შეგვაფერხოს, ვერც ბელარუსმა და ვერც კოსოვომ. მთავარია, მონდომება, ბოლომდე ბრძოლა და თავდადება. თორემ თამაში ყველასთან შეიძლება. ვნახოთ, ნახევარფინალურ ეტაპამდე კიდევ ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, რადგან საუკეთესო ოთხეული საქმეში 2020 წლის მარტში ჩაებმებიან.