მაშ ასე, სწრაფად გავიდა ერთი თვე და სანაკრებო ციებ-ცხელებამ ისევ წინა პლანზე გადმოიწია. დღეს, საქართველოს ნაკრები შეიკრიბება და ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას დაიწყებს.
შეიძლება ითქვას, ეს გარდამტეხი მომენტია, რადგან ვლადიმირ ვაისის გუნდმა საწყისი ორი მატჩის მოიგო და ახლაც თუ მოახერხებს წარმატებით გამოსვლას, დიდი შანსია, ჯგუფიდან გასვლა ვადაზე ადრეც გაინაღდოს. თუმცა, ამისთვის ორივე შეხვედრის მოგება იქნება საჭირო.
მოდით, ახლა იმაზე ვისაუბროთ, როგორ მდგომარეობაში ეროვნული ნაკრები და ის ფეხბურთელები, რომელთა მხრებზეც გადაივლის მომდევნო ორი პრინციპული თამაში. ვაისმა 26 ფეხბურთელს უხმო, ორი უკვე მოისაკლისა. აბა, ისე, როგორც იქნებოდა, რომ ტრავმებისგან თავი აგვერიდებინა. გიორგი პაპუნაშვილი და ლევან მჭედლიძე სლოვაკის განკარგულებაში ამჯერზე ვერ იქნებიან. ეს ძალზე ცუდია, რადგან მოცემულ ვითარებაში თითოეული მოთამაშის ფასი განუზომლად დიდია.
და მაინც, რა ხდება დანარჩენი 24 ფეხბურთელის თავს? - მოდით ვაღიაროთ და მთლად სახარბიელო ვითარება ვერ გვაქვს. გაცილებით კარგ ფორმაში გვახსოვს ქართველი ფეხბურთელები, ვიდრე ბოლო ერთი თვის განმავლობაში არიან.
მეკარე
გიორგი ლორია უკლუბოდაა. მართალია „დინამოში“ ვარჯიშობს, მაგრამ ეს დიდი ვერაფერი ნუგეშია. ლორია უთამაშებელი შეხვდა ერთი თვის წინანდელ ფანჯარასაც და საუბედუროდ არაფერი შეცვლილა. სამაგიეროდ, თამაშობენ ლაზარე კუპატაძე და როინ კვასხვაძე, მაგრამ ვაისისთვის ეს ორი მეკარე მხოლოდ მეორე არჩევანია.
დაცვა
ვერც აქ გვაქვს იდეალური მდგომარეობა. გურამ კაშია და სოლომონ კვირკველია ტრადიციულად სათამაშო პრაქტიკას არ უჩივიან, მაგრამ საუკეთესო ფორმაშიც ნამდვილად არ იმყოფებიან. მაგალითად, „სან ხოსემ“, რომლის ღირსებას კაშია იცავს, უკანასკნელი 8 მატჩიდან 7 წააგო და 25(!) გოლი გაუშვა. ეს, ყველაფერზე მეტყველებს. სეზონი არც „ლოკომოტივისთვის“ და კვირკველიასთვის დაწყებულა კარგად და ქართველი ფეხბურთელიც ისეთი დამაჯერებელი ვერაა, როგორც შარშან. იგივე ითქმის ოთარ კაკაბაძეზე, რომელიც „ლუცერნში“ ახალი გადასულია და უკვე თამაშობს. ჯერ ადაპტაციის პერიოდს გადის და გასაგებია. სამწუხაროდ, წარმატებულად დაწყებული სეზონი ცუდად გრძელდება დავით ხოჭოლავასთვის. „შახტარის“ სასტარტოში ადგილი დაკარგა და ბოლოს მოედანზე 19 სექტმბერს იყო, როცა ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა. სტაბილურად თამაშობენ ჯიმი ტაბიძე, გიორგი ნავალოვსკი და ლაშა დვალი.
ნახევარდაცვა
ნახევარდაცვის ხაზშიც რთული მდგომარეობა მოსჩანს. მართალია ბევრს სათამაშო პრაქტიკა აქვს და ტონუსშია, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ გამორჩეულად ჩაატარეს ბოლო პერიოდი. კაპიტანი ჯაბა კანკავა ალბათ საუკეთესოც იყო. თამაშობენ სტაბილურად ოთარ კიტეიშვილიც, ნიკა კვეკვესკირიც, გიორგი აბურჯანიაც, ვახტანგ ჭანტურიშვილიც...
აი, ვაკო გვილია ბოლო დროს ვერაა ფორმაში. „ლუცერნში“ მწვრთნელისგან ნდობასაც ვერ გრძნობს და სათამაშო დროც მკვეთრად შეეზღუდა. აგერ, მაგალითად ბოლო ტურში, „იანგ ბოიზთან“ 90 წუთი სკამზე გაატარა. მაშინ, როდესაც ორი თვის წინ, პირველ წრეში, იმავე „იანგ ბოიზს“ გოლიც გაუტანა. ვაკო ყაზაიშვილი „სან ხოსეს“ ლიდერია, მაგრამ სამწუხაროდ, წელს „სან ხოსე“ ძალიან ცუდი და სუსტი გუნდია. თანაც, ბოლო ტურებში ვაკოც ვეღარ თამაშობს შედეგიანად. გიორგი მერებაშვილმაც ბოლო სამ შეხვედრაში დაკარგა პლოცკის „ვისლას“ სატარტოში ადგილი, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ სასურველ ფორმაში არაა.
გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობს. მართალია, „გენტი“ კრიზისშია, მაგრამ ქართველი ამ გუნდის ნათელი წერტილია და ისევ გვეიმედება მისი. იმედს ვამყარებთ თორნიკე ოქრიაშვილზეც, რომელსაც ბოლო ორი თამაშში ოდენ 20 წუთი დაეთმო, მაგრამ დაამტკიცა, რომ ფეხბურთის თამაში შეუძლია. „სევილიასთან“ მისი შედევრი ლატვიასთან გამარჯვების შემდეგ ალბათ, საუკეთესო ქართული საფეხბურთო ამბავი გახლდათ. ჯანო ანანიძე ორი კვირის წინ დაბრუნდა, თასზე 10 წუთი ითამაშა, აქტიურიც იყო, მაგრამ მერე აღარ გამოჩენილა. მასიმო კარერამაც აღნიშნა და თქვა, რომ 90 წუთისთვის მზად არაა. შესაბამისად, ვაისიც ვერ გარისკავს. საუკეთესო კონდიციებისგან რომ შორსაა, ვეჭვობთ, ამას ახსნა-განმარტებაც აღარ სჭირდება. აი, სამაგიეროდ, ლუკა ზარანდიაა მაგარ ფორმაში. ტურიდან ტურამდე უმატებს და პოლონეთის ჩემპიონატში გამორჩეულია. ერთი ეგაა, რამდენად დაეყრდნობა ბოლომდე სლოვაკი სპეციალისტი, რადგან ლუკა ეროვნულ ნაკრებში დებიუტანტია. ვაისს კი ერთი ხელისმოსმით დებიუტანტთა ნდობა ნამდვილად არ სჩვევია.
ფორვარდი
აქ ვაისს არჩევანი უბრალოდ არ აქვს. გიორგი ქვილითაია თავიდანვე გამოირიცხა. მერე, სლოვაკმა ლევან მჭედლიძე და ნიკა კაჭარავა გამოიძახა. ლევანმა თამაშიც დაიწყო, თითქოს ფორმასაც იბრუნებდა, „მილანთან“ აქტიურად ჩაერთო, მაგრამ... კვლავ დაშავდა. და, დარჩა კაჭარავა. ფეხბურთელი, რომელიც ნამდვილად რთულ პერიოდს განიცდის. კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ნიკამ 5 თამაში ჩაატარა, მაგრამ ხუთჯერვე ცვლილებაზე გამოჩნდა მოედანზე და ჯამში მხოლოდ 58 წუთი გაატარა მინდორზე.
რა თქმა უნდა, ამ წერილით არ გვსურს ბნელ ფერებში შევმოსოთ სიტუაცია, პირიქით, გვინდა, რომ რეალობას არ ავცდეთ, რაც ხშირად დამღუპველია ხოლმე. ერთი რამ ცხადია - შანსი გვაქვს და უნდა გამოვიყენოთ. ანდორისა და ლატვიის ნაკრებების დამარცხება თუნდაც სასურველი ფორმისგან შორს მყოფ საქართველოს ნაკრებს რომ შეუძლია, ამაზე დავაც არ ღირს. უბრალოდ, მეტოქეც უნდა დავაფასოთ და შევაფასოთ კიდეც.
კარგად დაწყებული საქმე, კარგად უნდა გაგრძელდეს!..