ფეხბურთი

2:42 | 8.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" და "ნაპოლი" "იუვეს" კვალში ჩაუდგნენ

როგორც ჩანს, მილანური გრანდებისთვის რთული ახლოწარსული დასრულდა. რა თქმა უნდა, ჯერ ვერ ვიტყვით იმას, რომ „ინტერი“ და „მილანი“ ძველ დიდებას დაუბრუნდნენ და მეტიც, იქამდე ძალიან შორია, მაგრამ ფაქტია, მიმდინარე სეზონში და მეტწილად, ბოლო პერიოდში, ორივე კარგად ათამაშდა.

„ინტერმა“ სეზონი მძიმედ დაიწყო, მაგრამ უკანასკნელ პერიოდში ჩემპიონატშიც იგებს და ჩემპიონთა ლიგაზე. ამჯერად, ლუჩანო სპალეტის გუნდმა ფერარაში, „სპალი“ დაამარცხა. ისე, ლეონარდო სემპლიჩის გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მრისხანე მეტოქეს არაფერი დაუთმო და შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ არ წაეგო, ალოგიკური შედეგი სულაც არ იქნებოდა. თუმცა, რას იზავ, „სპალს“ არ ჰყავს მაურო იკარდი. ის „ინტერის“ კაპიტანია. სწორედ არგენტინელის დუბლმა მოაგებინა „ნერაძურის“ და სპალეტი ფრთები შეასხა. ლუჩანოს თქმით, გუნდმა ასეთი სულისკვეთებით უნდა გააგრძელოს და ცუდი პერიოდი წარსულში დარჩა. ამასობაში, „ნერაძური“ მესამე ადგილზეა, მაგრამ ლიდერამდე ძალიან დიდი მანძილია.

სამაგიეროდ, ერთი ხელის გაწვდენაზეა „ნაპოლი“, რომელმაც „სასუოლოს“ ვარჯიშით მოუგო. კარლო ანჩელოტიმ რიგი წამყვანი ფეხბურთელებისა დაასვენა, მაგრამ ეს არ ყოფილა პრობლემა. „აძურიმ“ სწრაფადვე გაიტანა. უნასმა ახლო მანძილიდან მცველთა საშინელი გარჯით ისარგებლა. „ნაპოლიმ“ მეტი თვალსაჩინოებისთვის მეორე გოლიც შეაგდო, რომელიც ულამაზესი გამოვიდა. ლორენცო ინსინიე ანჩელოტის თავკაცობით და შეცვლილი პოზიციით სხვაგვარად ათამაშდა და მინდორს უგოლოდ აღარ ტოვებს. ჩია ტანის იტალიელმა ბურთი საჯარიმოს მისადგომებიდან კოხტად აჭრა და კონსილის ნახტომი ამაო გამოდგა, მხოლოდ ლამაზი ეპიზოდი კიდევ უფრო გაალამაზა.

„მილანი“ ჯერაც ცხრილის შუაშია, მაგრამ გამოტოვებულ თამაშს („ჯენოასთან“) თუ მოიგებს, ოთხეულთან ამოჰყოფს თავს. საერთოდაც, „როსონერის“ ამ სეზონში კინკილა მარცხი აქვს და ამ მხრივ მხოლოდ „იუვენტუსი“ სჯაბნის. ჯენარო გატუზოს გუნდს დღითიდღე უშინაურდება გონსალო იგუაინი, რომელიც ამჯერადაც მოწოდების სიმაღლეზე იყო და პირველივე ტაიმში დუბლი გაიფორმა. მერე ჯაკომო ბონავენტურამაც გაიტანა შორიდან. სამივე საგოლე პასი კი სუსომ შეასრულა. ესპანელი ნელ-ნელა უმატებს და სახიფათო ხდება. გატუზოს განცხადებით კი, ჟურნალისტები ამლაშაბენ და მიმდინარე სეზონში მის გუნდს არანაირი კრიზისი არ ჰქონია.

დერბში მარცხისა და ფრანკფურტში განადგურების შემდეგ „ლაციო“ ნოკდაუნში იყო. თუმცა, სიმონე ინძაგის გუნდმა ფეხზე წამოდგომა მაინც მოახერხა და ვინ თუ არა, ჩირო იმმობილე დაეხმარა ამაში. „ლაციალეს“ გოლეადორმა „ფიორენტინასთან“ ტაიმის ბოლოს გაიტანა და როგორც გაირკვა, ეს გადამწყვეტი გამოდგა.

ბერგამოს „ატალანტა“ კი კრიზისს თავს ვერ აღწევს და ცოტა ხნის წინ ჯამპიერო გასპერინისთან გახანგრძლივებული კონტრაქტი ვინძლო, გადასახედიც გახდეს. ლომბარიდელებმა, რომელთაც ევროზონაში მოხვედრაზე აქვთ პრეტენზია მორიგი უფერული მატჩი შინ „სამპდორიასთან“ ჩაატარეს და წააგეს. „ატალანტას“ განვლილ 8 ტურში კინკილა გამარჯვება აქვს და გასავარდნ ზონასთანაა.

და ბოლოს, ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა და მთავარმა აღმოჩენამ კრშიშტოფ პიოტნეკმა ისევ გაიტანა, მაგრამ მისი გოლი ამჯერად „ჯენოას“ ვერაფერში წაადგა და „პარმამ“ გენუიდან მნიშვნელოვანი სამი ქულით მოახერხა სახლში დაბრუნება.

„ჯენოა“ – „პარმა“ 1:3 (1:3)

გოლები: 1:0 პიონტეკი (6), 1:1 რიგონი (16), 1:2 სილიგარდი (26), 1:3 ჩერავოლო (30)

„მილანი“ – „კიევო“ 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 იგუაინი (27), 2:0 იგუაინი (34), 3:0 ბონავენტურა (56), 3:1 პელისიერი (63)

„ატალანტა“ – „სამპდორია“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ტონელი (76)

„ლაციო“ – „ფიორენტინა“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 იმმობილე (37)

„ნაპოლი“ – „სასუოლო“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 უნასი (3), 2:0 ინსინიე (72)

„სპალი“ – „ინტერი“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 იკარდი (14), 1:1 პალოსკი (72), 1:2 იკარდი (78)

თეგებისერია A
0.277729