არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ ნიკოლოზ ბასილაშვილთან China Open-ის ფინალში მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. სამხრეთ ამერიკელი ჩოგბურთელის განცხადებით, მეტოქე დამსახურებულად გაიმარჯვა და ღირსეული ჩემპიონია.
„ყველაფერი გავაკეთე და დიდი ძალისხმევა დამჭირდა მატჩის ბოლომდე. ბასილაშვილმა კარგად ითამაშა, მან დამსახურებულად გაიმარჯვა და ძალიან კარგი ჩემპიონია.
მქონდა შანსი როგორც პირველ, ისე მეორე სეტში, მაგრამ ვერ შევძელი ისე მეთამაშა, როგორც ყველა ჩემს შეხვედრაში. ნიკოლოზმა შესანიშნავი ქულები მოიპოვა მნიშვნელოვან მომენტებში. ვერ ვითამაშე საუკეთესო დონეზე და ვფიქრობ, ბასილაშვილმა დამსახურებულად მოიგო“, - თქვა დელ პოტრომ.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა პეკინის ტურნირის ფინალში ხუან მარტინ დელ პოტრო ორ სეტში (6:4, 6:4) დაამარცხა და მიმდინარე წელს მეორე ტურნირი მოიგო. პეკინში, ქართველმა ჩოგბურთელმა 5 თამაში მოიგო და დელ პოტრომდე ჯეკ სოკი, ფერნანდო ვერდასკო, მალეკ ჯაზირი და კაილ ედმუნდი დაამარცხა.
ბასილაშვილმა China Open-ზე გამარჯვებით 500 სარეიტინგო ქულა და 733 320 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა. ATP-ის რეიტინგში კი, 34-ე პოზიციიდან 23-ე ადგილამდე აღზევდა, რაც მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია.