ჩოგბურთი

16:48 | 5.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი პეკინის ტურნირის ნახევარფინალშია!
ქართველმა ჩოგბურთელმა ზვერევის გამამწარებელი ტუნისელი გაანადგურა

26 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 4 658 510 დოლარი) ნახევარფინალში გავიდა.

ბასილაშვილმა China Open-ზე მე-3 გამარჯვება რამდენიმე წუთის წინ იზეიმა, როდესაც 34 წლის ტუნისელ მალეკ ჯაზირის 6:2, 6:2 სძლია. ანგარიშიდან სჩანს, რომ კორტზე დიდი ბრძოლა არ ყოფილა. ქართველი ჩოგბურთელი მეტოქეს ყველა კომპონენტში სჯობდა, თავისი მოწოდება არ წაუგია და მოგებისთვის მხოლოდ საათი და 8 წუთი ეყო.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ნიკამ მე-6 ნომრად განთესილ ამერიკელ ჯეკ სოკს 6:7 (6:8), 7:5, 6:2 სძლია, ხოლო ესპანელი ფერნანდო ვერდასკო 7:6 (7:3), 6:4 დაამარცხა. თავის მხრივ, აფრიკელმა ჩოგბურთელმა გზიდან ჩინელი იბინ ვუ – 6:4, 6:3 და მე-2 განთესვის მქონე გერმანელი ალექსანდერ ზვერევი ჩამოიცილა – 7:6 (7:4), 2:6, 6:4.
ამ წარმატების წყალობით, ბასილაშვილმა 180 სარეიტინგო ქულა და 180 900 დოლარი გამოიმუშავა, რისი წყალობითაც ე.წ. “ლაივ-რეიტინგში” 28-ე ადგილზე გადაინაცვლა, ეს კი, მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.
ნახევარფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი კაილ ედმუნდი იქნება, რომელიც მსოფლიო კლასიფიკაციაში მე-16 ადგილზე გახლავთ, პეკინში მე-5 განთესვა გააჩნია.
23 წლის ედმუნდმა ჩინურ ტურნირზე, ჩვენებურის დარად, 3 მეტოქე დაჯაბნა. ბრიტანელმა პირველ წრეში გერმანელ პეტერ გოიოვჩიკს 3:6, 6:1, 6:2 სძლია, შემდეგ იტალიელ მატეო ბერეტინის 7:5, 6:7 (2:7), 7:5 მოუგო, ნახევარფინალში კი სერბი დუშან ლაიოვიჩი დაამარცხა – 6:3, 7:6 (7:4).
ბასილაშვილს ედმუნდთან 2-ჯერ უთამაშია და უარყოფითი ბალანსი გააჩნია. 2016 წლის საფრანგეთის ღია პირველობაზე ნიკოლოზმა 6:7 (4:7), 7:6 (9:7), 5:7, 1:6 წააგო, წლევანდელ ავსტრალიის ღია პირველობაზე კი 6:7 (0:7), 6:3, 6:4, 0:6, 5:7 დამარცხდა.
თუკი საქართველოს პირველმა ჩოგანმა ედმუნდის ძლევა მოახერხა, ფინალის საგზურთან ერთად 300 ქულასა და 359 510 დოლარს მიიღებს. ვთქვათ ისიც, რომ მე-2 ნახევარფინალში პირველ ნომრად განთესილი არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო და მე-4 რეიტინგის მქონე იტალიელი ფაბიო ფონინი ითამაშებენ.

0.102775