კალათბურთი

12:35 | 5.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულიამ და შიო ხეცურიანმა საკალათბურთო კლუბი თბილისის „დინამო“ შეიძინეს

სპორტის, კალათბურთის და კალათბურთში საკლუბო სისტემის განვითარების და პოპულარიზაციის მიზნით, NBA-ს ორგზის ჩემპიონმა ზაზა ფაჩულიამ და ყოფილმა კალათბურთელმა შიო ხეცურიანმა საკალათბურთო კლუბი თბილისის „დინამო“ და ამ კლუბის ბაზა შეიძინეს.

თბილისის „დინამო“ ქართული საკლუბო კალათბურთის სახე და ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. საამაყოა „დინამოს“ მრავალწლიანი ისტორიის ყველაზე საპატიო ტიტულების გახსენება - ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ოთხგზის (1950, 1953, 1954, 1968) გამარჯვებული. კლუბი, რომლის ღირსებას იცავდნენ ოლიმპიური ჩემპიონები მიხეილ ქორქია და ზურაბ საკანდელიძე. კლუბი, რომელიც პერმანენტულად გადიოდა და გადის ევროტურნირებზე.

ზაზა ფაჩულია: „მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ბანკს იმ მხარდაჭერისთვის, რაც ამდენი წლის განმავლობაში განახორციელეს საკალათბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ განვითარებისთვის. აღსანიშნავია საქართველოს ბანკის წვლილი ზოგადად სპორტის და კალათბურთის ხელშეწყობაში. საკალათბურთო კლუბ „დინამოს“ საწვრთნელ ბაზასთან ერთად ფლობა მოგვცემს საშუალებას, ჩვენ ყველანი ერთად, თავდაუზოგავად შევეცადოთ კიდევ ბევრი ახალგაზრდა პროფესიონალ კალათბურთელად აღვზარდოთ. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა საქართველოს ბანკს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში უწევდა პატრონაჟს „დინამოს“.

ზაზა ფაჩულიამ სამი წლის წინ გახსნა საკალათბურთო აკადემია. მოკლე პერიოდში დახვეწილი და პროგრესირებადი აკადემიის მიზანი დაარსებიდან დღემდე არის საქართველოში კალათბურთის განვითარება, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისთვის მოთამაშეების გაზრდა და ინფრასტრუქტურის განვითარება-გაუმჯობესება. განსაკუთრებით წარმატებული იყო 2018 წლის სეზონი, როდესაც ზაზას აკადემია საქართველოში U 18, U 16 და Junior NBA-ს ჩემპიონი გახდა.

ზაზა აქტიურად არის ჩართული აკადემიის ცხოვრებაში. მისი სტატუსი და სამაგალითო კარიერა დიდი სტიმულია ბავშვებისთვის, რომლებიც ზაზაში მისაბაძ მაგალითს ხედავენ.

აკადემიის დაარსებამდე ზაზა ყოველწლიურად ატარებდა საქართველოში საკალათბურთო კემპებს და იყო ელჩი სპორტის იმ სახეობაში, რომელიც ზაზას წარმატების გამო უამრავმა ბავშვმა შეიყვარა.

„დინამოს“ განვითარება ზაზა ფაჩულიასთვის და შიო ხეცურიანისთვის ახალი გამოწვევაა.

გამოწვევა, რომელიც საქართველოს კეთილდღეობისთვის დაიწყო.

0.109534