ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-2 ტურში თად მაკფადენის “იბეროსტარ ტენერიფემ” შინაურ კედლებში “ბრეოგანი” 90:78 დაამარცხა, საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა კი MVP-ს ტიტული დაიმსახურა.
მაკფადენი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 28 წუთში 23 ქულა, 4 მოხსნა, 6 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. თადმა 5-დან 4 ორქულიანი და 8-დან 5 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, მაკფადენის სარგებლიანობის კოეფიციენტი 30-ს გაუტოლდა და ეს, მატჩის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
ტენერიფელებს თითო მოგება-წაგება მოუგროვდათ და მე-9 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო მატჩს კი 6 ოქტომბერს “ობრადოიროსთან” გამართავენ.