„რომას“ ჭაბუკმა ჰოლანდიელმა შემტევმა, ჯასტინ კლუივერტმა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში, ჩეხურ „პლზენს“ („რომამ“ 5:0 გაიმარჯვა) ორი გოლი გაუტანა და ამით, ერთდროულად ორი რეკორდი - საკლუბო და ეროვნული - დაამყარა.
კლუივერტი „რომას“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვისაც ჩემპიონთა ლიგაში (და არა თასზე) გაუტანია. ასევე ჯასტინი ყველაზე ახალგაზრდა ჰოლანდიელი შეიქნა (19 წელი და 150 დღე), ვისაც უცხოური კლუბის მაისურით გამოუჩენია თავი.
შეგახსენებთ, რომ ჯასტინი ლეგენდარული ჰოლანდიელი შემტევის, პატრიკ კლუივერტის ვაჟია. „აიაქსის“ აკადემიის აღზრდილია და „რომამ“ გასულ ზაფხულს 18,75 მილიონ ევროდ იყიდა.