ბოსნიელი სპეციალისტი, ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი „ნანტის“ მთავარ მწვრთნელად დანიშნეს, გვამცნობს კლუბის ოფიციალური გვერდი. ამ პოსტზე მან მიგელ კარდოსო შეცვალა, რომელიც გუნდიდან ცუდი შედეგების გამო გაათავისუფლეს. რვა ტურის შემდეგ „ნანტი“ საფრანგეთის ლიგა 1-ის ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა.
ფეხბურთელობისას ჰალილჰოჯიჩს „ნანტში“ ხუთი წლის განმავლობაში უთამაშია (1981-86). რაც შეეხება მის სამწვრთნელო კარიერას, 65 წლის ბოსნიელს თავის დროზე „ლილი“, „რენი“, პსჟ, ზაგრების „დინამო“ და „ტრაბზონსფორი“ დაუმოძღვრია. 2004-ში კი პსჟ-სთან ერთად საფრანგეთის თასიც მოუგია.
ჩვენში, შუა ხნის გულშემატკივარს ის 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატიდან ეხსომება. მაშინ ჰალილჰოჯიჩი იუგოსლავიის ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გახლდათ.