ცნობილმა საკალათბურთო პორტალმა Eurobasket.com “ბასკონიას” ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ “ლიგა ენდესას” საწყის შეხვედრაში ბასკურმა კლუბმა “სარაგოსა” 99:76 დაამარცხა, შენგელია კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 25:32 წუთში 21 ქულა, 8 მოხსნა (4 შეტევაში), 6 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
27 წლის ქართველმა მძიმე ფორვარდმა შენგელიამ 12-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 9-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 31-ს გაუტოლდა, რაც მთელს ტურში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
“ეს მხოლოდ სასტარტო ტური იყო და უდავია, რომ სეზონის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვლება, თუმცა, ცხადია, რომ “ბასკონიას” და შენგელიას ამ სეზონისთვის სერიოზული მიზნები აქვთ. თორნიკე ბასკთა ღირსებას არაერთი წელია იცავს და მისი პროგრესი იოლი შესამჩნევია”, - ვკითხულობთ Eurobasket.com-ზე.
ვთქვათ ისიც, რომ ხსენებულმა ვებგვერდმა ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში ანტე ტომიჩი (“ბარსელონა”), მარკოს დელია (“მურსია”), ნიკლას კანერ-მედლი (“ესტუდიანტესი”), ვინსენ პუარე (“ბასკონია”), ნაჩო ლოვეტი (“ობრადოირო”), ტომა ერტელი (“ბარსელონა”), დარიო ბრიზუელა (“ესტუდიანტესი”), ხაიმე ფერნანდესი (“უნიკახა”) და ალბერტო დიაზიც (“უნიკახა”) შეიყვანა.