ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ახალი სეზონი დიდებულად დაიწყო თორნიკე შენგელიამ. თუმცა, სანამ ჩვენებურის ფანტასტიკურ გარჯაზე გიამბობდეთ, იქამდე ის ვთქვათ, რომ „სასკი ბასკონიამ“ „სარაგოსას“ საკუთარ მოედანზე შანსი არ დაუტოვა და 99:76 აჯობა.
ბასკებმა მეტწილად მეორე ტაიმში ივარგეს, თორემ პირველ ნახევარში თანაბარი თამაში მიმდინარეობდა და დიდ შესვენებაზე სხვაობა ოდენ ერთი ქულა იყო. აი, მესამე პერიოდის სტარტიდან „ბასკონიამ“ საკუთარი ძალა გამოაჩინა და მეტოქისთვის შანსი საფინალო სასტვენამდე აღარ მიუცია.
აღნიშნულ გამარჯვებაში ესპანური გუნდის ქართველი კაპიტნის წვლილი დიდია: თორნიკემ, რომელიც სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა, პარკეტზე 25:32 წუთი გაატარა და ცალსახად საუკეთესო იყო ორივე გუნდის რიგებში: 21 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი!
შენგელიამ 12-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 9-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ოთხჯერ ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა. მარგი ქმედების კოეფიციენტი ქართველ მოთამაშეს 31 ჰქონდა, რაც ბუნებრივია, მატჩში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ და შეხვედრის MVP გახდა. მეტიც, არაა გამორიცხული საერთოდ ტურის საუკეთესო კალათბურთელის პრიზიც დაიმსახუროს, თუმცა, იქამდე ტური უნდა დასრულდეს.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ კალათბურთელსა და "ბასკონიას" კიდევ ერთ წევრს, მეტ ჯენინგმა (სასტარტო ხუთეულში იყო) 21:57 წუთში 11 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი დააგროვა.
„ბასკონია“ მეორე ტურში სტუმრად „ბურგოსს“ დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა 3 ოქტომბერსაა ჩანიშნული.