69-ე იოკოძუნა ჰაკუჰო პროფესიულ სუმოში ახალ სიმაღლეებს აწესებს. 33 წლის მუნხბატინ დავააჯარგალმა “იმპერატორის თასის” მოპოვება 41-ედ მოახერხა, ამასთან ერთად კი, იდეალური შედეგი (15 მოგება) იგივე ძიონ-შო მეთოთხმეტედ დააფიქსირა და ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში ათასმოგებიან ზღვარსაც გადააბიჯა.
ოძეკი გოეიდომ ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე საშემოდგომო სუპერტურნირზე მე-2 მაჩვენებელი (ძიუნ-იუშო) დააფიქსირა, თუმცა კი, “თეთრ ფენიქსს” 3 მოგებით ჩამორჩა.
71-ე და 72-ე იოკოძუნებმა – კაკურიუმა და კისენოსატომ 15-დან 10-10 ორთაბრძოლაში იმარჯვეს.
აღსანიშნავია, რომ “წერო-დრაკონის” მეტსახელის მქონე კაკურიუს მიჯრით 10 მოგება ჰქონდა, თუმცა, აკი ბაშოს დასკვნით ხუთ დღეში ყველა შეხვედრა დათმო.
ოძეკი ტაკაიასუს აქტივში 11 წარმატებული ორთაბრძოლა ჰქონდა, ტოჩინოშინმა, მიტაკეუმიმა და ტაკაკეიშომ კი 9-9 გამარჯვება იზეიმეს.
მინიმალური დადებითი ბალანსი (8 მოგება, 7 მარცხი) დააფიქსირა იჩინოჯომ.
ტოჩინოშინმა კადობანიდან გამოსვლა მოახერხა ანუ ოძეკის წოდება შეინარჩუნა.
მიტაკეუმი და იჩინოჯო კვლავაც სეკივაკეს ტიტულებით გაირჯებიან, ტაკაკეიშო კი კომუსუბის რანგში დარჩა, თუმცა, ნახევარი საფეხურით დაწინაურდება და ბანძუკეში დასავლეთიდან აღმოსავლეთში გადავა.
სანიაკუდან (პირობითი კატეგორია, რომელშიც 4 უმაღლესი წოდების – იოკოძუნა, ოძეკი, სეკივაკე, კომუსუბი – მქონე სუმოისტები არიან გაერთიანებულნი) ჰირამაკუში გადაინაცვლებს ანუ რიგითი მაეგაშირა გახდება მონღოლი ტამავაში.
ნოემბრის ბაშოსთვის დასავლეთის კომუსუბის წოდებას მიიღებს ბრაზილიელი კაისეი, კიკუტაისეი, იშიურა და კოტოიუკი კი რანგით მე-2 დივიზიონ ძურიოში აღმოჩნდებიან.
საპირისპიროდ, მაკუუჩიში ასპარეზობის პატივი ერგოთჱდაიამამის, მეისეისა და არავაშის. შესაძლოა, იაგოს ადგილი დაიკავოს ჩიომარუმ.
ძურიოში ჩემპიონის ტიტული ტოკუშორიუმ მოიპოვა, ქართველმა გოლიათმა გაგამარუმ კი მორიგი უარყოფითი ბალანსი დააფქსირა და რანგით მე-3 მაკუშიტას ლიგაში გადადის, რითაც სეკიტორის პრესტიჟულ წოდებას კარგავს.
საინტერესოა ისიც, რომ პირველად 71 წლის განმავლობაში, არავის გადასცემია სპეციალური პრიზები. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება იაპონიის სუმოს ასოციაციამ მიიღო.
ცნობისთვის, კანტო-შოზე (ჯილდო მებრძოლი სულის გამოვლინებისთვის) ტაკაკეიშო და რიუდენი იყვნენ წარდგენილნი, იოშიკაძეს კი გინო-შოს (ჯილდო ტექნიკური სრულყოფილებისთვის) უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა, ასოციაციის სხდომის მონაწილეთა ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა მიიღო.
2018 წლის დასკვნითი სუპერტურნირი 11-დან 25 ნოემბრამდე იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში ჩატარდება, პროფესიული სუმოს განახლებული რეიტინგი იგივე ბანძუკე ჯუ 29 ოქტომბერს გამოქვეყნდება.