ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, სამი დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთადერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც შეჯიბრების სტარტზე ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) მოიპოვა. დღეს ტატამები 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე მამაკაცებს დაეთმოთ და ლაშა შავდათუაშვილს პაპინაშვილის შედეგის განმეორებამდე ორი გამარჯვება დააკლდა.
შავდათუაშვილი საქმეში მეორე წრიდან ჩაება და ყატარელ ხალილ რებაჰის წუთნახევარში უილეთოდ აჯობა – სამი შიდოთი. ბელარუსი ვადიმ შოკა იპონით ჩამოიშორა, მაგრამ გვარიანად კი გაუჭირდა – მომგებიანი გდება მერვე წუთზეღა შეასრულა. შემდეგ ქართველმა ძიუდოისტმა ფრანგი ბენჟამინ აქსუსი დაამარცხა ვაზარით. ძირითად ბადეში გამოსვლა კი მეოთხედფინალში დაასრულა, ირანელ მოჰამად მოჰამადისთან წაგებით. ლაშა მე-13 წამზე დავარდა ბეჭებზე.
რეპეშაჟის ნახევარფინალში შავდათუაშვილი მონღოლ ცოგტბაატარ ცენდ-ოჩირს დაეჭიდა, საფინალო გონგამდე 7 წამით ადრე გაეპარა სუფთა გდება და მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-7 ადგილი დაიკავა.
ხვალ მამაკაცებს შორის მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით კონკურენციაში ზებედა რეხვიაშვილი ჩაებმება, პორტუგალიის სახელით მოჭიდავე ანრი ეგუტიძესთან დაპირისპირებით.