ძიუდო

20:50 | 20.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ამირანის ბრინჯაო

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, ამირან პაპინაშვილი მსოფლიოს პოდიუმზე ავიდა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 30 წლის ქართველმა ძიუდოისტმა 2014 წელს, ჩელიაბინსკში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. მეორე ბრინჯაოს მედალს კი დღეს, ბაქოში დაეუფლა.

აზერბაიჯანში მიმდინარე მსოფლიოს პირველობის პირველ დღეს მამაკაცთა და ქალთა თითო წონაში გამოვლინდნენ მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები. საქართველოს სახელით ბაქოში მხოლოდ მამაკაცთა ნაკრები ჩავიდა, სრული – ცხრაკაციანი შემადგენლობით და ორმა ძიუდოისტმა საქმე უკვე მოილია. ამირან პაპინაშვილის გარდა, 60 კილოგრამის მსოფლიო კონკურენციაში ლუხუმ ჩხვიმიანიც ჩაება და მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი დილის პროგრამაშივე დაკარგა.

სატურნირო ბადეში სულ 68 სპორტსმენი გადანაწილდა. ქართველები წილისყრამ პირდაპირ მეორე წრეში განთესა. პაპინაშვილმა 2018 წლის უმთავრესი შეჯიბრება მალავის ნაკრების წევრ ემანუელ ნდავუსთან დაჭიდებით გახსნა და მეტოქე 22 წამში დასცა ბეჭებზე. ბულგარელ იანისლავ გერჩევს წუთნახევარში შეუსრულა იპონი. შეჯიბრების მასპინძელთა ერთ-ერთ ჯილას – მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის ფინალისტ ორხან საფაროვს სულაც 20 წამი აკმარა. მეოთხედფინალში კი ვაზარით აჯობა ბრაზილიელ ერიკ ტაკაბატაკეს და დილის პროგრამა ასპროცენტიანი მაჩვენებლით დაასრულა.

ერთი გამარჯვებაც და პაპინაშვილი კარიერის საუკეთესო შედეგს გაინაღდებდა, მაგრამ... ნანატრ ფინალს რუსეთის ნაკრების წევრი, ევროპის შარშანდელი ჩემპიონი რობერტ მშვიდობაძე გადაეღობა. ამირანისა და რობერტის ურთიერთშეხვედრებში ამ დაპირისპირებამდე საერთო ანგარიში 3:0 იყო, საქართველოს ნაკრების წევრის სასარგებლოდ. ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში წარმატებას მშვიდობაძემ მიაღწია, თან უაღრესად დრამატულ შეხვედრაში.

ამირან პაპინაშვილი მეტოქეს ვაზარით ამარცხებდა და ძირითადი დროის ამოწურვამდე ერთი წამით ადრე გაეპარა კონტრვაზარი. "ოქროს დროში” კი კიდევ ერთხელ დაეცა და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო.

ბრინჯაოს მედლისთვის ქართველმა მსუბუქწონოსანმა ჩემპიონატის მასპინძლები მეორედ დაამწუხრა – კარამატ ჰუსეინოვის ვაზარით ძლევით.

ლუხუმ ჩხვიმიანი აზერბაიჯანულ ტატამზე ორჯერ გავიდა. ბულგარელი ვალენტინ ალპიევი შეხვედრის მიწურულს შებოჭა. მეთექვსმეტედფინალში კი გაცილებით ძლიერ მოწინააღმდეგეს - პირველ ნომრად განთესილ იაპონელ რიუჯუ ნაგაიამას დაუპირისპირდა, სამი გაფრთხილებით დამარცხდა და მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა.

დღეს ბაქოში, საქართველოს ნაკრების წევრებისა და რუსების ფალავან მშვიდობაძის გარდა, კიდევ სამმა ქართველმა მოირგო კიმონო. ლუკა მხეიძე საფრანგეთის ღირსებას იცავდა, ბექირ ოზლუ (ბეთქილ შუკვანი) – თურქეთისას, ხოლო თორნიკე ჭკადუა – ჰოლანდიისას. აქვე ქართველი მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძეც ვახსენოთ, რომელიც ტრადიციულად, ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ფინალურ ბლოკშიც უმნიშვნელოვანესი შეხვედრები მიანდეს.

60 კილოგრამში მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ, სულ კი მესამედ გახდა იაპონელი ნაოჰისა ტაკატო. ასევე ზედიზედ მეორედ შეეძლო მსოფლიო პოდიუმის უმაღლესი საფეხურის დაპყრობა კიდევ ერთ იაპონელს – ფუნა ტონაკის, მაგრამ... ქალთა უმსუბუქეს წონაში მოჭიდავე აზიელს მიზნამდე ერთი გამარჯვება დააკლდა. ტონაკი ტიტულამდე დარია ბილოდიდმა არ მიუშვა. ეს უკრაინელი გოგონა ჯერ სრულწლოვანიც არაა, მაგრამ უკვე უფროსებში ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონია.

ხვალ მსოფლიო ტატამზე მედლების კიდევ ორი კომპლექტი გათამაშდება. კაცებში 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში და ქალებში – 52 კილოგრამში. საქართველოს სახელით კონკურენციაში ვაჟა მარგველაშვილი ჩაებმება, რომელიც საჭიდაოდ მსოფლიოს მოქმედი ბრინჯაოს პრიზიორის რანგში გავა. საქმეში კი მეორე წრიდან ჩაერთვება, ბენინელ აუგუსტ დაგასთან შეხვედრით.

ძიუდო

მსოფლიოს ჩემპიონატი

ბაქო

20 სექტემბერი

კაცები

60 კგ

1 ნაოჰისა ტაკატო (იაპონია)

2 რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი)

3 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

3 რიუჯუ ნაგაიამა (იაპონია)

ქალები

48 კგ

1 დარია ბილოდიდი (უკრაინა)

2 ფუნა ტონაკი (იაპონია)

3 ოტგონცეცეგ გალბადრახი (ყაზახეთი)

3 პაულა პარეტო (არგენტინა)

0.16507