ძიუდო

13:15 | 20.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

პაპინაშვილი ნახევარფინალშია, ჩხვიმიანი ჩემპიონატს გამოეთიშა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ამირან პაპინაშვილმა ბაქოში დღეს დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოთხი შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. მსოფლიოს 2014 წლის პრიზიორმა 30 წლის ქართველმა ძიუდოისტმა 2018 წლის სეზონის უმთავრესი შეჯიბრება მალავის ნაკრების წევრ ემანუელ ნდავუსთან დაჭიდებით გახსნა და მეტოქე 22 წამში დასცა ბეჭებზე. ბულგარელ იანისლავ გერჩევს წუთნახევარში შეუსრულა იპონი. შეჯიბრების მასპინძელთა ერთ-ერთ ჯილას – მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის ფინალისტ ორხან საფაროვს 20 წამი აკმარა. მეოთხედფინალში კი ვაზარით აჯობა ბრაზილიელ ერიკ ტაკაბატაკეს.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ტატამზე ლუხუმ ჩხვიმიანიც გავიდა. პაპინაშვილის მსგავსად, მანაც მოგებით დაიწყო – ბულგარელი ვალენტინ ალპიევი შეხვედრის მიწურულს შებოჭა. მეთექვსმეტედფინალში კი გაცილებით ძლიერ მოწინააღმდეგეს - პირველ ნომრად განთესილ იაპონელ რიუჯუ ნაგაიამას დაუპირისპირდა, სამი გაფრთხილებით დამარცხდა და მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა.

ამირან პაპინაშვილი ნახევარფინალში რუსეთის ნაკრების წევრ რობერტ მშვიდობაძეს დაუპირისპირდება.

0.183424