დღეს იტალიის ქალაქ ტერნიში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ეტლით ფარიკაობაში, სადაც წარმატებას მიაღწია ქართველმა ირმა ხეცურიანმა.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, კატეგორიაში ხმლით მოასპარეზეთა შორის, ხეცურიანმა ჯგუფური ეტაპი წარმატებით დასძლია და პლეი-ოფის პირველ ეტაპზე თავისუფალი იყო.
ირმამ მეოთხედფინალში იტალიელი მარტა ნოჩენტი იოლად 15:8 დაამარცხა, ნახევარფინალში კი უნგრელ ბოგლარკა მეზოსთან დაძაბულ ბრძოლაში 13:15 წააგო და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქართველმა სპორტსმენმა წარმატებას თავის დაბადების დღეზე მიაღწია.
იტალიაში ევროპის ჩემპიონატზე მწვრთნელების, მერაბ ბაზაძისა და მალხაზ მესხის გარდა, ჩემპიონტის მსაჯთა შორის, FIE-ს ქართველი არბიტრი თათია აფციაურიც გახლავთ.
ეტლით მოფარიკავეთა შორის, ხეცურიანის გარდა, სხვადასხვა კატეგორიაში კიდევ ოთხი ქართველი გოგონა იასპარეზებს.
გთვაზობთ ქართველ პარამოფარიკავეთა გამოსვლის განრიგს:
19 სექტემბერი. რაპირა, A კატეგორია: მირანდა გიგაშვილი, ნინა თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი
19 სექტემბერი. რაპირა, B კატეგორია: ირმა ხეცურიანი
20 სექტემბერი. ხმალი, A კატეგორია: მირანდა გიგაშვილი, ნინა თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი
21 სექტემბერი. რაპირა, C კატეგორია: დიანა ჯიშიაშვილი
22 სექტემბერი. დაშნა, C კატეგორია: დიანა ჯიშიაშვილი
22 სექტემბერი. რაპირა, გუნდური
23 სექტემბერი. ხმალი, გუნდური