საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ისტორიაში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დასანანი მარცხი განიცადა. მსოფლიო დონის გრანდ საბერნძეთთან შეხვედრაში, ილიას ზუროსის შეგირდები მეტწილად ლიდერობდნენ, გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა, ზედ ბოლო წამზე კოსტას პაპანიკოლაუს ზუსტმა შეტევამ გამარჯვება სტუმრებს მოუტანა - 85:86.
არადა, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მე-2 შესარჩევი ეტაპის L ჯგუფში გამართული პირველი ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში საინტერესო ვითარება შეიქმნა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელში იმარჯვა, გერმანიამ ესტონეთი გაანადგურა, საბერძნეთმა კი სერბეთს სძლია.
შედეგად, საბერძნეთსა და გერმანიას 7-7 მოგება მოუგროვდათ და ცხადი გახდა, რომ ამ გუნდებს ფინალურ ეტაპის მიღმა დარჩენა აღარ ემუქრებოდათ, მთავარი ბრძოლა კი, ფინალში განსვლელი მე-3 პოზიციისთვის წარიმართებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ ესტონეთი ძალიან სუსტად გამოიყურებოდა, აღნიშნულ ადგილზე პრეტენზიას 3 გუნდი აცხადებდა: 4 მოგების მქონე სერბეთი და 3-3 გამარჯვების მომხვეჭი საქართველო და ისრაელი.
თელ ავივში დრამატული გამარჯვების მერე, ქართველ ქომაგში მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის იმედი გაცოცხლდა, რა მხრივაც საბერძნეთთან მატჩმა, ფაქტობრივად, გადამწყვეტი მნიშვნელობა მიეცა. საჩვენოდ რამდენიმე ფაქტორი მოქმედებდა...
პირველ რიგში აღსანიშნავი ის ამბავი გახლდათ, რომ ელადელებმა 2 წამყვანი კალათბურთელი გიორგიოს პრინტეზისი და იოანის ბურუსისი არ ჩამოიყვანეს და თანაც, ამის კონკრეტული მიზეზი არც დაუსახელებიათ. ეს, უკვე ბერძნების გარკვეულ უმოტივაციობაზე მეტყველებდა, რისი ნაკლებობაც ქართველებს ნამდვილად არ ჰქონდათ.
ფიბა-სა და ევროლიგის გაუთავებელი კინკლაობის გამო, ცნობილი იყო, რომ დიდი ალბათობით, შესარჩევ ციკლში დასკვნით შეხვედრას ატარებდნენ “ბასკონიელები” თორნიკე შენგელია და მეტ ჯენინგი. თოკოს ძალების დაზოგვით არასოდეს უთამაშია და ცხადი იყო, რომ მატჩში ამჯერადაც სულსა და გულს ჩადებდა. უმოტივაციობას არც ჯენინგი უჩიოდა და მოსალოდნელი იყო, რომ ისიც გაისროდა.
კიდევ 1 ნიუანსი, რომელზეც ჩვენი გუნდის ამერიკელმა ახალწვეულმაც კი ჩამოსვლისთანავე ისაუბრა. ცხადია, გადავსებულ სპორტის სასახლეს და ენერგიულ ქომაგს ვგულისხმობთ, რომლის დახმარებითაც ეროვნულ გუნდს არაერთი მძიმე თამაში მოუგია. ფიბა-ს საიტზე ჯერ კიდევ გუშინ, საქართველოსა და საბერძნეთის მატჩზე წარწერა Sold out (ყველა ბილეთი გაყიდულია) გამოჩნდა, რაც იმის მომასწავებელი იყო, რომ თამაშზე ანშლაგი გარანტირებული იყო.
ცხადია, გასათვალისწინებელი გახლდათ ისიც, რომ ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსს დაპირისპირება თანამემამულეებთან უწევდა და ბევრი რამის დამტკიცების სურვილი ექნებოდა იმ ნაკრების წინააღმდეგ, რომელსაც 2011-12 წლებში თავად ავარჯიშებდა. უდავოა, რომ გასაგებ მიზეზთა გამო, ზუროსისა და სკურტოპულოსის სამწვრთნელო დუელში “ჩვენი” ბერძენი უკეთეს ვითარებაში იყო.
საქართველოს ნაკრების დამრიგებელს ის სასტარტო ხუთეული, რომელმაც თამაში თელ ავივის “მენორა მივტახიმ არენაზე” დაიწყო, არ შეუცვლია: გიორგი ცინცაძე, დუდა სანაძე, მეტ ჯენინგი, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი. გასაგებ მიზეზთა გამო, სიახლეები იყო ბერძნების სასტარტო შემადგენლობაში: ნიკ კალატესი, იოანის პაპაპეტრუ, კონსტანტინოს პაპანიკოლაუ, გიორგიოს პაპაიანისი, პანაიოტის ვასილოპულოსი.
ქართველმა კალათბურთელებმა ძალიან ენერგიულად დაიწყეს და თორნიკე შენგელიამ ალეიუპს ორქულიანი და ბონუს-საჯარიმო მიაყოლა. ეს კარგი ნიშანი გამოდგა და პირველ ტაიმში მასპინძლებს ლიდერობა აღარ დაუთმიათ.
საწყისი მეოთხედი, ალბათ, საერთოდაც, საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა. ფავორიტად მიჩნეულ ბერძნებს ფარქვეშ იოლად ვჯაბნიდით, გიორგი შერმადინის 6 ქულის მერე კი, სტუმართა თავკაცმა ტანასის სკურტოპულოსმა სასტარტო ცენტრი გეორგიოს პაპაიანისი შეცვალა.
ამ წუთებში სხვებიც ყოჩაღობდნენ, პირველ მეოთხედში გოგა ბითაძესა და დუდა სანაძეს უკვე 7-7 ქულა ჰქონდათ,თორნიკე შენგელიას კი - 5. ათწუთეულის მიწურულისკენ ნერვებმა ბერძენთა დამრიგებელსაც უმტყუნა, ტექნიკური ჯარიმა მიიღო და მაქსიმალური სხვაობაც დაფიქსირდა - 37:20.
მე-2 მეოთხედი ელადელთა უპირატესობით დაიწყო. შეუჩერებელი იყო ნიკ კალატესი, რომელმაც პირველ ტაიმში მოედანზე 15 წუთი გაატარა და 14 ქულა ჩააგდო (საბოლოოდ, 31 ქულა მიითვალა). ამუშავდა ბერძნების პერიმეტრიც: იმავე კალატესმა, ევანგელოს მარგარიტისმა და პაპანიკოლაუმ მიჯრით 3 სამქულიანი ჩააგდეს და ქართველთა დიდი უპირატესობიდან თითქმის აღარაფერი დარჩა - 42:38.
საბედნიეროდ, ტაიმის მიწურული ისევ ჩვენების იყო. ერთი შეხედვით გადაღლილმა სასტარტო ხუთეულის წევრებმა მაგრად მოინდომეს და უაღრესად საჭირო 7 უპასუხო ქულა მიითვალეს: ყველაფერი მეტ ჯენინგის შორეული ტყორცნით დაიწყო, რასაც ცინცაძის სამქულიანი მოჰყვა, ბოლოს კი სანაძემ 2-დან 1 ჯარიმა წაამატა - 49:38. ეს ყველაფერი ჩინებული გუნდური თამაშის შედეგი იყო: შესვენებისთვის 7 და მეტი ქულა ერთბაშად ექვს ქართველ კალათბურთელს ჰქონდა ჩაგდებული.
მეორე ტაიმის სტარტზე სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა კოსტას სლუკასი და კალატესი უკვე ერთად დააყენა და აქცენტი კვლავაც უკანა ხაზზე გააკეთა, თუმცა, ტაიმი ჯენინგის სამქულიანით გაიხსნა - 52:38. კიდევ უფრო უკეთ ათამაშდა ბითაძე, რომელიც შეტევაში ბურთებს ხსნიდა, ბერძნებს ჯარიმებიც მრავლად აჰკიდა. შედეგად, პაპაიანისმა კიდევ 1 ტექნიკური ფოლი მიიღო და ანგარიში 62:53 გახდა. სამწუხაროდ, ამას სტუმრების 10-ქულიანი გაქცევა მოჰყვა და მე-3 მეოთხედის მიწურულს თამაშში პირველად ჩამოვრჩით - 62:63. საბოლოო ჯამში, მე-3 მეოთხედი 15:27 დავთმეთ და ეს, ფაქტობრივად იმ სიტუაციის იდენტური გახლდათ, რაც მანამდე ისრაელში დაგვემართა.
დასკვნითი მეოთხედი დრამატული გამოდგა. ბერძნების 2 ზუსტი სამქულიანის მერე, საბერძნეთის ნაკრებმა მაქსიმალური უპირატესობა (71:76) მოიპოვა, რასაც ზუროსის წუთშესვენება და საქართველოს ნაკრების დიდებული პერიოდი მოჰვყვა. მომდევნო წუთები მასპინძლებმა 14:3 მოიგეს, თოკო შენგელიას სლემდანქის შემდეგ, ანგარიში 85:79 გახდა და ახლა, უკვე სკურტოპულოსის წუთშესვენების დრო დადგა.
ამ დროს საფინალო სირენამდე ორიოდ წუთი რჩებოდა და ძნელი წარმოსადგენი იყო, თუკი, ყველაფერი ჩვენთვის სამწუხაროდ დასრულდებოდა. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ამ დროს საქართველოს ნაკრებს მხოლოდ 1 გუნდური ჯარიმა ჰქონდა...
წუთშესვენების მერე, ტანასის ანტეტოკოუნმპომ სწრაფი 2 ქულა მიითვალა, იქვე ცინცაძემ ბურთი დაკარგა და პაპანიკოლაუმ სამქულიანი ჩააგდო. როგორც აღმოჩნდა, თამაშის გმირის მანტიაც კოსტასს ელოდა. ჩვენებს 2 იერიში გაუცუდდათ: ჯერ მსაჯმა შენგელიაზე გარბენი დააფიქსირა, შემდეგ კი, თოკოს შორეული სამქულიანი გაუცუდდა. როდესაც ბერძნებმა ბურთი მოხსნეს, თამაშის დასრულებამდე 4 წამი რჩებოდა, თუმცა, ეს სრულიას საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ კალატეს ფარქვეშ პაპანიკოლაუ შეეშვა და მას გადამწყვეტი ორქულიანი ჩაეგდო - 85:86...
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ევროპული ზონის მატჩები ნოემბერში განახლდება. ილიას ზუროსის შეგირდებს L ჯგუფში 4 მატჩი დარჩათ ჩასატარებელი: ქართველი კალათბურთელები 30 ნოემბერს ესტონეთს ესტუმრებიან, 3 დეკემბერს ისრაელს დაუხვდებიან, გაისად, 21 თებერვალს, საბერძნეთში შეხვედრაა დაგეგმილი, ხოლო 24-ში ესტონეთს ვუმასპინძლებთ.