კალათბურთი

23:45 | 14.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

საბერძნეთი თბილისში პრინტეზისის და ბურუსისის გარეშე მოდის

საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრები თბილისში საქართველოს ეროვნულ გუნდთან სათამაშოდ 2 ლიდერის გარეშე მოემგზავრება.
Eurohoops-ის ცნობით, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სერბეთთან მოგების კვალად, ნაკრების რიგები გიორგიოს პრინტეზისმა და იოანის ბურუსისმა დატოვეს.
ცნობისთვის, სერბეთთან გუშინ მოგებულ (70:63) შეხვედრაში, ორივე ვეტერანი სასტარტო ხუთეულში იყო და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
ბურუსისმა მოედანზე 33:49 წუთი გაატარა და 9 ქულა, 10 მოხსნა, 8 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. იოანისმა 6-დან 3 ორქულიანი და 5-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო.

თავის მხრივ, პრინტეზისმა 29:38 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. გიორგიოსმა 12-დან 7 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2-ჯერ დაჯარიმდა.
უკვე ცნობილია, რომ ხსენებულ კალათბურთელებს ეროვნულ გუნდში ნაკლებად ცნობილი მოთამაშეები – იანულის ლარენცაკისი (აეკ) და ვანგელის მარგარიტისი (პაოკ) ჩაანაცვლებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს და საბერძნეთის ნაკრებთა მატჩი კვირას, 15 სექტემბერს, თბილისის სპორტის სასახლეშია დაგეგმილი და 19:00 საათზე დაიწყება.
ამ დროისთვის, შესარჩევ ჯგუფში ბერძნებს 7 მოგება აქვთ და გერმანიასთან ერთად ლიდერობენ, საქართველოს კი 3 გამარჯვებით მე-4 პოზიცია უკავია და სერბეთს მხოლოდ 1 მოგებით ჩამორჩება.
მსოფლიო პირველობის ფინალურ ეტაპზე ჯგუფის 3 საუკეთესო გადის და თუკი საბერძნეთს ამოცანა ფაქტობრივად გადაწყვეტილი აქვს, ქართველი კალათბურთელებისთვის მომდევნო შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

0.117163