თურქულ გებზეში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მე-9 ტურში ქართველი მოჭადრაკე ნინო ხომერიკი (2313) შავი ფიგურებით დამარცხდა და ლიდერთა ჯგუფს ჩამოშორდა.
ნინოს რუსმა ბიბისარა ასაუბაიევამ (2371) სძლია და 7.0 ქულით ლიდერთა ხუთეულში მოხვდა, სადაც ასევე რუსები ალეკსანდრა მალტევსკაია (2234), დინარა დორჯიევა (2318) და მარგარიტა პოტაპოვა (2277) და უზბეკი გულრუხბეგიმ ტოხირჯონოვაც (2369) იმყოფებიან.
ხომერიკს 6.5 ქულა შერჩა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-6 ადგილზეა, ბოლოსწინა მე-10 ტურში კი ისევ შავებით ინდოელ ვარშინის (2173) ეთამაშება.
ვაჟთა ტურნირში ნოე თუთისანი (2471) 5.0 ქულით 64-ე ადგილზეა, ხოლო გიორგი სიბაშვილს (2425) 4.5 ქულით 94-ე პოზიცია უკავია. ფაქტობრივად გაინაღდა ჩემპიონობა ირანელმა პარჰამ მაგჰსოოდლოომ, რომელმაც 8.5 ქულა მოაგროვა და უახლოეს კონკურენტებს 1.5 ქულით უსწრებს.