საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები თელ ავივშია და მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ისრაელთან მატჩისთვის ემზადება.
იმის მიუხედავად, რომ მომავალი შევედრა მე-2 შესარჩევი ჯგუფის ეგიდით მხოლოდ პირველია, მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სატურნირო ვითარებიდან გამომდინარე ცხადია, რომ ხვალინდელ ჯახში დამარცხებულს ფინალურ ეტაპზე გასვლა ძალიან გაუჭირდება.
მატჩის მნიშვნელობას ისრაელშიც კარგად ათვითცნობიერებენ და დიდ მზადებაში არიან. როგორც უკვე აღვნიშნეთ, თამაშს “მენორა მივტახიმ არენა” უმასპინძლებს, რომელიც საკალათბურთო მატჩებისთვის 11 ათასამდე ქომაგს იტევს, თუმცა, ამჯერად სარეალიზაციოდ 5 400 ბილეთია გამოტანილი, საიდანაც დღეს დილისთვის უკვე 5 ათასამდე გაყიდული იყო.
მოსალოდნელია, რომ ებრაელებს გულშემატკივართა დიდი მხარდაჭერა გარანტირებული ექნებათ, თუმცა, ამას ქართველი კალათბურთელებიც შეჩვეულნი არიან. შეგახსენებთ, რომ გასულ ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებმა ისრაელს იმავე დარბაზში ოვერტაიმში 104:91 სძლია და მაშინ მასპინძლებს მხარს 9 ათასამდე ქომაგი უჭერდა...
დასასრულ ვთქვათ, რომ 13 სექტემბერს დაგეგმილი მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.