ფეხბურთი

22:05 | 11.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ერთა ლიგა: შედეგი კარგია, ხარისხი - გვაფიქრებს

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის გათამაშებაში ჩინებული სტარტი აიღო. ორი თამაში და 6 ქულა, ეს მაქსიმუმია და რაც უნდა იყოს, ვლადიმირ ვაისის გუნდს ამ ეტაპზე უფრო მეტს ვერ მოვთხოვდით.

აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის არსებობს და ახლაც ასეა – თამაშის ხარისხი არ გვაკმაყოფილებს და ეს რეალობასთან ახლოსაა. განვლილ ორ მატჩში “ჯვაროსნების” თამაში არ ყოფილა ფეერიული, თუმცა იყო შედეგი. გვახსოვს ახლო წარსული და დაახლოებით მსგავსი გამონათქვამები: “კარგად ვითამაშეთ, მაგრამ არ გაგვიმართლა და წავაგეთ”.

მოდით, ვაღიაროთ, რომ ყოველთვის ჯობია კარგად თამაში და მოგება, მაგრამ ზემოხსენებული ფრაზებით თავის დამშვიდებას და გულის ჯერებას, სჯობს ცუდად ვითამაშოთ, მაგრამ მოვიგოთ. და მაინც, რაში გამოიხატება ცუდი თამაში? ბევრისთვის მადრიდის "ატლეტიკოც" ცუდ ფეხბურთს თამაშობს და ანტონიო კონტესაც არ აინტერესებს თამაშის ხარისხი. ბევრისთვის ფეხბურთი მხოლოდ ესპანეთის ნაკრების გაუთავებელი პასებია, რომელსაც შესაძლოა კარში დარტყმა საერთოდ არ მოჰყვეს...

ეს უფრო ზოგადი საკითხია, რომლის ჩაწვდომა მეტად რთული და ინდივიდუალურია. საქართველოს ნაკრები ყაზახეთთან მატჩამდე სამი დღით ადრე შეიკრიბა და სრულფასოვანი ვარჯიში ორჯერ მოასწრო! ეს ძალიან ცოტაა. რატომ ვერ მოხერხდა შეკრება მანამდე? – უეფას გაწერილი თარიღებით, მანამდე ეს ფიზიკურად ვერ მოხდებოდა, რადგან ჩვენი გუნდი მთლიანად ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული და ბუნებრივია, გუნდები არ გაათავისუფლებდნენ ვადაზე ადრე. ამის ფონზე, მეტოქე ყაზახეთი, რომელიც მთლიანად ადგილობრივი ჩემპიონატიდან იყო დაკომპლექტებული, ერთი კვირით ადრე შეუდგა სამზადისს და ამის გამო კალენდარული ტურიც კი გადადეს.

ამას ემატებოდა სტუმრად თამაშის ფაქტორი, საქართველოს ნაკრები ხომ გამარჯვებას დანატრებული გუნდია და გასვლით შეხვედრაში საერთოდ. ასტანურ მატჩამდე ბოლოს სტუმრად 4 წლის წინ, 2014 წელს გვქონდა მოგებული და ისიც გიბრალტართან. თამაში იყო ხელოვნურ საფარზე და მატჩამდე ვლადიმირ ვაისი აღნიშნავდა, რომ ეს არ იქნებოდა ხელისშემშლელი ფაქტორი, მაგრამ გინდა თუ არა, ესეც ნიუანსია და ესეც დეტალია. მიუხედავად ამ ყველაფრისა საქართველოს ნაკრებმა მიზანს მიაღწია და ყაზახეთში მოიგო.

ბევრისთვის თამაშის ხარისხი იყო ცუდი. დიახ, ალბათ, ასეც იყო, მაგრამ ისიც ნათელია, რომ მასპინძლებს ისეთი არაფერი შეუქმნიათ, რომ დავემარცხებინათ. ერთადერთი რეალური მომენტი ჰქონდათ და ისიც, ჩვენი საჩუქრის შედეგად, როდესაც გიორგი ლორია შეცდა. ეს იყო და ეს. მართალია, არც საქართველოს მიუჯაჭვია მეტოქე თავის საჯარიმოსთან, მაგრამ ის, რაც მოსაგებად საკმარისი იყო, გააკეთა. კლასმაც იჩინა თავი. გიორგი ჩაკვეტაძის ზღაპრული გოლი, რომელმაც განაპირობა კიდეც გამარჯვება, სწორედ კლასისა და საშემსრულებლო ოსტატობის შედეგი იყო. თუმცა, ფეხბურთის შემადგენელი ნაწილიც ესაა. საქართველოს ნაკრებმა ასტანაში შედეგზე გათვლილი ფეხბურთი ითამაშა და ის სტრატეგია, რომელიც ვაისმა აირჩია, აბსოლუტურად გამართლებული გამოდგა. ფეხბურთელებმაც აღნიშნეს მატჩის შემდეგ, რომ დავალება იყო, დაცვიდან თამაში და შანსზე დალოდება. თანამედროვე ფეხბურთში ბალანსი აუცილებელია და ეს ერთა ლიგის პირველ ტურში აშკარად იგრძნობოდა.

აი, რაც შეეხება თბილისურ მატჩს ლატვიასთან – ყველა ვთამხდებით, რომ ლატვიის ნაკრები არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტია, მაგრამ ამ გუნდსა და იმ გუნდს შორის, რომელსაც 2017 წელს 5:0 მოვუგეთ, დიდი სხვაობა იყო. თანაც, ის იყო სპარინგი და ეს ოფიციალური თამაში. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. “ჯვაროსნების” გეგმა ამჯერად არ ყოფილა დაცვიდან თამაში და შანსზე დალოდება, მაგრამ გეგმა ყოველთვის არ მუშაობს. ლატვია მთელი გუნდით თავს იცავდა და ძალიან რთულია ასეთი ზღუდეების გარღვევა. ეს განვლილმა მსოფლიოს ჩემპიონატმაც დაგვანახა. ირანისა და რუსეთის ნაკრებები 11 კაცით თავს იცავდნენ ესპანეთთან და ალბათ, გვახსოვს, “ფურია როხას” რამდენად გაუჭირდა ორივე თამაშში თუნდაც რეალური საგოლე მომენტის შექმნა. საერთოდ, ლატვია საქართველოსთვის მეტად უხერხული მეტოქეა. ისტორიის განმავლობაში ოფიციალურ თამაშში პირველად სწორედ 9 სექტემბერს დავამარცხეთ და ესეც გასათვალისწინებელია.

არსებობს სხვა ფაქტორებიც: მაგალითად, ვაისს ლატვიასთან მატჩისწინა ღამეს გეგმა შეეცვალა და ფორვარდი, რომელზეც თამაში უნდა აეწყო, მძიმედ დაუშავდა. შედეგად, მივიღეთ ის, რომ ძირითადში სხვა ფეხბურთელი ვნახეთ, რომელსაც თავს დიდი კრიტიკა დაატყდა. ბევრი ფეხბურთელი არ იყო იდეალური ფორმაში და ფიზიკურ კონდიციებში. და კიდევ, საერთოდ არ იყო გუნდში ნაკრების მთავარი ძალა, ჯანო ანანიძე. დიდად სადაო საკითხი არმგონია იყოს ის, თუ რას წარმოადგენს ჯანო საქართველოს ნაკრებისთვის თუნდაც კლუბში უთამაშებელი იყოს. ეს, ასეა და ამას ვერ გავექცევით.

იყო მინუსებიც. მაგალითად ის, რომ ვაისს ძალიან გაუჭირდა თამაშში ძირეული ცვლილებების შეტანა, როდესაც ეს საჭირო გახდა. და, როდესაც გოლი გავიტანეთ ვაისმა გუნდის უკან დახევა გადაწყვიტა, რაც კინაღაც ძვირად დაგვიჯდა. მესამე ცენტრალური მცველის დამატებაც არ გამოდგა გამართლებული, გუნდი უფრო ქაოუტურად მოქმედებდა დაცვის ხაზში ლატვიასთან მატჩის ბოლო 10 წუთში, ვიდრე იქამდე ყაზახეთთან 90 წუთში და იმავე ლატვიასთან 80 წუთში. თითქოს, მოუმზადებელი იყო ნაკრები სამი ცენტრალური მცველისთვის და ეს გამოსასწორებელია. თუ დაცვის გამარგებას მომავალშიც ასე ვაპირებთ, მაშინ, ამისთვის მზად უნდა იყოს გუნდი და პანიკა გამოირიცხოს.

ცალკე საკითხია “დინამო არენას” გაზონის მდგომარეობა. ბოლო ხანებში მინდვრის საფარის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუარესებულია და ამ საკითხზე ზრუნვა აუცილებელად მართებთ შესაბამის ადამიანებს. არ შეიძლება ევროპის ჩემპიონატზე ვოცნებობდეთ და ფეხბურთს ნაადრევ შემოდგომაზე ასეთ დაგლახავებულ მინდორზე ვთამაშობდეთ. არ შეიძლება, ფეხბურთელებს ამ მიზეზით ფეხი უცურდებოდათ და ბურთის დაკარგვას თავი რომ დავანებოთ, ტრავმის რისკის ქვეშ ვაყენებდეთ.

აფერუმ ბიჭებს – თქვენი არ ვიცი და, მე დიდი მონდომება და სტიმული დავინახე ეროვნული ნაკრების თითოეულ ფეხბურთელში. დავინახე გამარჯვების სურვილიც და ერთიანობაც. ეს ძალიან კარგია და იმედია არამარტო ჯგუფურ, არამედ მთავარ, საპლეი-ოფო სტადიაზეც მსგავსი სიტუაცია იქნება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა ფეხბურთელი ბოლომდე დაიხარჯა და მოედანზე მაქსიმუმი დადეს. სხვა საქმეა, რომ ზოგს მეტ-ნაკლებად გამოუვიდა ეს ყველაფერი.

დიდი მონდომებაც იყო ტრიბუნებზეც. გვახსოვს მსგავსი სტილის თამაშები, მაგამ ასეთი ერთაინობა არ ყოფილა. სხვათა შორის, სანამ გიორგი ჩაკვეტაძე თერთმეტმეტრიანს გამოიმუშავებდა და მას გოლად თორნიკე ოქრიაშვილი აქცევდა, იყო რამდენიმე წუთიანი წნეხი მეტოქის დაცვაზე. შესაძლოა, რეალური საგოლე მომენტებისა და გააზრებული კომბინაციების გარეშე, მაგრამ ნათლად ჩანდა, რომ საქართველოს გამარჯვება უნდოდა და ქომაგიც იდეალურად აჰყვა ამ ყველაფერში. საჭირო მომენტში იყო გამხნევებაც და ტაშიც. ამ ყველაფერმა საბოლოოდ შედეგიც გამოიღო.

განვლილი ორი მატჩიდან სტატისტიკური მონაცემებიც უნდა მოვიშველიოთ:

კარისკენ დარტყა: 24

კარში დარტყმა: 8

კუთხური: 11

ბურთის ფლობა: ყაზახეთთან 45%, ლატვიასთან 62%

პასები: ყაზახეთთან 320, ლატვიასთან 579

ზუსტი პასები: ყაზახეთთან 237 (74%), ლატვიასთან 496 (86%)

მეტოქე დაჯარიმდა: ყაზახეთი 17, ლატვია 10

მეტოქეზე დაჯარიმდნენ: ყაზახეთთან 12, ლატვიასთან 13

საქართველო 2018 წელს

საქართველოს ნაკრებისთვის 2018 წელი ერთობ წარმატებულად მიმდინარეობს. გუნდმა აქამდე 6 თამაში ჩაატარა, საიდანაც 5 მოიგო და ხუთივე მშრალი ანგარიშით! ლიეტუვასთან (4:0), ესტონეთთან (2:0) და მალტასთან (1:0) ამხანაგურ შეხვედრებში, ხოლო ყაზახეთსა (2:0) და ლატვიას (1:0) ოფიციალურ თამაშებში აჯობა. ერთადერთი მარცხი და ერთად გოლი ლუქსემბურგის ნაკრებისგან სპარინგში მიიღო და აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მაშინდელი მატჩი "ჯვაროსნებმა" გვარიანად გადახალისებული შემადგენლობით ჩაატარეს.

პირველი და მიჯრით გამარჯვებები

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად დაამარცხა ლატვია (ოფიციალურ თამაშში), საქართველოს ნაკრებმა სტუმრად 4 წლის შემდეგ პირველად მოიგო, საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ ორი ოფიციალური შეხვედრა 2001 წლის შემდეგ პირველად მოიგო და საქართველოს ნაკრებს ამ მატჩებში გოლი არ გაუშვია (ყაზახეთთმა ოთხჯერ, ლატვიამ ორჯერ დაარტყა კარის ჩარჩოში). ეს ჩინებული სტატისტიკაა, რაც უკმაყოფილების საბაბს არ უნდა გვაძლევდეს.

ფეხბურთში მთავარი შედეგია და ეს შედეგი განვლილ ორ თამაშში იყო. დასაწყისი კარგია და იმედია, გაგრძელება, დასასრულიც ასეთი იქნება. შესაძლოა, ნაადრევ დასკვნებს ვაკეთებდეთ, მაგრამ ამ ქვეჯგუფიდან გასვლა დიდ სირთულეს აღარ უნდა წარმოადგენდეს. მთავარია ნახევარფინალი და შემდეგ უკვე ფინალი, სადაც ყველა ვარიანტში უფრო ანგარიშგასაწევი და თანაც, უფრო მოტივირებული მეტოქეები გვეყოლება. იმედია, საქართველოს ნაკრები ფორმის პიკზე სწორედ მაშინ, ყველაზე მეტად მნიშვნელოვან და საჭირო მომენტში გავა...

0.11564