ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონი „პარი სენ ჟერმენში“ სათადარიგო მეკარე იქნება. პარიზელთა თავკაცმა ტომას ტუხელმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და არჩევანი ალფონს არეოლაზე შეაჩერა.
„დიახ, არჩევანი გავაკეთე. მართალია გადაწყვეტილება საბოლოო არაა, მაგრამ არეოლას უკვე ვუთხარი, რომ პირველი ნომრობის უფრო მეტი შანსი აქვს. ის პსჟ-ს აკადემიის აღზრდილია, ეს გუნდი უყვარს და ჩვენ სწორედ ასეთი ფეხბურთელები გვჭირდება. ჯიჯი ლეგენდაა, ალფონსის ერთ-ერთი კუმირი და მასთან ერთად არეოლა კიდევ უფრო კარგი მეკარე გახდება“, - განაცხადა ტუხელმა.
შეგახსენებთ, ბუფონი პსჟ-ს გასულ ზაფხულს შეუერთდა და მიმდინარე სეზონის საწყისი სამი მატჩი ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა ბოლო ორი შეხვედრა უკვე არეოლამ ითამაშა.