ფეხბურთი

17:53 | 10.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

შეფასება: გაორებული გრძნობა - შედეგიც გვინდა და ხარისხიც

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ორი შეხვედრა უკან მოიტოვა, რომელმაც ორგვარი შთაბეჭდილება დაგვიტოვა: შედეგი დიდებულია, თამაშის ხარისხი – არა. თუმცა, გამარჯვებულებს არ ასამართლებენ და ფაქტი ისაა, რომ “ჯვაროსნებმა” ნახევარფინალისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგეს.

WORLDSPORT.GE ლატვიასთან (1:0) მატჩის შემდეგ წარმოგიდგენთ ფეხბურთელთა შეფასებებს:

გიორგი ლორია 6 – ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს ნაკრების მეკარეს ბევრი საქმე ჰქონდა. პირველ ტაიმში ორჯერ თითქოს უყურადღებოდ ითამაშა გამოსვლაზე, მაგრამ განსაკუთრებული ხიფათი ამას არ მოჰყოლია. მატჩის მიწურულს კი ლატვიელთა სახიფათო შეტევა კარგად მოიგერია. გიორგის ორი მშრალი შეხვედრა დაუგროვდა.

ოთარ კაკაბაძე 5.5 – ბევრს ეცადა. ტრადიციულად აქტიური იყო ფლანგზე და არც დაცვაში ჰქონია განსაკუთრებული ხარვეზები. თუმცა, მის ჩაწოდებებს ხიფათი არცერთხელ მოჰყოლია. ამ მხრივ ოთარს მართლაც არ გამოუვიდა კარგი თამაში. საინტერესოა ისიც, რომ გავრცელებული ცნობით, კაკაბაძე სიცხიანი თამაშობდა და ასეთ შემთხვევაში, სათქმელიც არაფერია, უბრალოდ, ყოჩაღ და მადლობა თავდადებისთვის.

სოლომონ კვირკველია 6 – შეხვედრა განსაკუთრებული შეცდომების გარეშე ჩაატარა. მეორე ნახევარში ერთხელ უყურადღებოდ გაისარჯა და მეტოქეს კარგი იერიშის დაწყების საშულება მისცა. სხვა შემთხვევაში დამაჯერებლობა არ აკლდა.

გურამ კაშია 6.5 – კარგი შეხვედრა ჰქონდა კაშიას. კვირკველიას შეცდომა სწორედ მან გამოასწორა. რამდენიმე კარგი ჩაჭრაც გააკეთა და დაცვის ხაზს ხელმძღვანელობდა. სხვათა შორის, სტანდარტულების დროს, შეტევაში სახიფათოდ ერთვებოდა. ერთხელ კარს ოდნავ ააცილა, ერთხელ კარგად ვერ შესწვდა ბურთს, ხოლო მესამე ეპიზოდში დაარტყა და არავინ იცის, გოლი გავიდოდა თუ მეკარე აიღებდა, თამაშგარე მდგომარეობაში მყოფ ნიკა კაჭარავას რომ არ ეთამაშა ბურთზე. მართალია ნიკამ გაიტანა, მაგრამ არ გოლი გაუქმდა.

გიორგი ნავალოვსკი 7 – უკვე მეორე მატჩია ნავალოვსკი ჩინებულად ირჯება. აშკარად კარგ ფორმაშია საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი, რომელიც გუშინდელ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შეტევაშიც აქტიურად ერთვებოდა და დაცვასაც არ მოაკლო ყურადღება.

ჯაბა კანკავა 6.5 – საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გაცილებით კარგი მატჩი ჩაატარა, ვიდრე ასტანაში. ჯაბა ამჯერად შეტევაშიც არ ერიდებოდა ჩართვას და რამდენჯერმე სცადა მეტოქის კარის სიახლოვეს ყოფნა. მეორე ტაიმში შორიდან კარგად დაარტყა, კარს ოდანვ ასცდა, თორემ ლამაზი გოლი გავიდოდა.

ნიკა კვეკვესკირი 5.5 – კვეკვესკირი არ იყო ისეთი პროდუქტიული, როგორც სამი დღის წინ. მართალია, ბურთს რიგ ეპიზოდებში კარგად ანაწილებდა, მაგრამ ხშირად იყო, რომ ზედმეტად ახანებდა პასის გაკეთებას და თითქოს კომბინაციის გაგრძელების სწორ ვარიანტს ვერ პოულობდა. აქვე უნდა ითქვას, რომ საგოლე ეპიზოდში, ჩაკვეტაძე სწორედ კვეკვესკირმა მოამარაგა, თუმცა ეს საერთო სურათს ვერ ცვლის.

თორნიკე ოქრიაშვილი 7 – თორნიკე ოქრიაშვილი გამარჯვების გოლით დაბრუნდა. ეს ჩინებულია. თორნიკემ ბევრი იშრომა, იბრძოლა, რთულ მომენტებში საკუთარ თავზე იღებდა თამაშს. ნამდვილი ლიდერი იყო. თუმცა, ისიცაა, რომ დიდი ხნის უთამაშებლობა ეტყობოდა და საუკეთესო ფორმაში არაა. მას ბევრად მეტი შეუძლია. მთლიანობაში რა თქმა უნდა, პოზიტიური თამაში ჩაატარა.

ვაკო გვილია შ.გ – გვილიამ ბოლო ათი წუთი ითამაშა და შეფასება ვერ დაიმსახურა.

ვაკო ყაზაიშვილი 5 – ძალზე ინერტული იყო. პირველ ტაიმში ყველაზე ახლოს გოლთან სწორედ ვაკო გახლდათ, მაგრამ მეორე ნახევარში თითქოს დაიკარგა. შესაძლოა ასეთი თამაში ვინმესთვის აქტივში შეგვეტანა, მაგრამ ყაზაიშვილისგან ბევრად მეტს ველით და ბევრად მეტიც შეუძლია.

დავით ხოჭოლავა შ.გ – დავით ხოჭოლავა ისევ დაცვის გასაძლიერებლად ჩაერთო თამაშში, მაგრამ მისი შეფასება ასეთ მცირე მონაკვეთში რთულია.

გიორგი ჩაკვეტაძე 7 – გიორგი ჩაკვეტაძეს არ ჰქონია ძალიან მაგარი მატჩი, მაგრამ სამი ქულა ისევ მისი წყალობით მოვიპოვეთ. 19 წლის შემტევმა ლატვიელ მცველს თერთმეტმეტრინი აკიდა, რომელიც ოქრიაშვილმა გოლით დაასრულა. მთლიანობაში კი, საუკეთესო თამაში ნამდვილად ჰქონია. გვესმის, რომ ჩვენი იმედია, მაგრამ ასეა, რიგ ეპიზოდებში ჩრდილში იყო და თითქოს საკუთარი თამაშის პოვნას ვერ ახერხებდა. როცა მოახერხა, შედეგიც სახეზეა – გამარჯვების გოლი გავიდა. მთლიანობაში კი, 19 წლის ბიჭს რთულია ამაზე მეტი მოვთხოვოთ ეროვნულ ნაკრებში. ფაქტია, რომ ის ვლადიმირ ვაისის გუნდის მთავარ ფიგურად ყალიბდება.

გიორგი პაპუნაშვილი შ.გ – შეფასების გარეშე დარჩა გიორგი პაპუნაშვილი.

ნიკა კაჭარავა 4.5 – გიორგი ქვილითაიას მძიმე ტრავმის შემდეგ ვაისს სხვა არჩევანი არ ჰქონია, ვინაიდან ლევან მჭედლიძე სასურველ კონდიციებში არაა. ნიკა კაჭარავამ კი პირდაპირ ვთქვათ და იმედი ვერ გაამართლა. “ანორთოსის” ფორვარდი აშკარად შორსაა საუკეთესო ფორმისგან და ეს ნათლად გამოჩნდა. ისე, გოლი გაიტანა, მაგრამ არ ჩაუთვალეს. სხვა მხრივ, საჯარიმოში სწორი პოზიციის შერჩევა ძალიან უჭირდა, ხოლო ლატვიელ მცველებთან ორთაბრძოლის მოგება უძნელდებოდა.

ვლადიმირ ვაისი 5 – ვაისი ნამდვილად კარგი მწვრთნელია და ვაისის თავკაცობით საქართველოს პროგრესი აშკარად აქვს. ამის არდანახვა შეუძლებელია ან ძალიან არ უნდა გინდოდეს დანახვა. თუმცა, სათქმელი უნდა ითქვას. გუშინ მას ჰქონდა ხარვეზები. თუნდაც შემადგენლობის მხრივ. შეიძლებოდა ტანმაღალ და მოუქნელ ლატვიელ მცველებთან ვაკო ყაზაიშვილის ცენტრფორვარდის პოზიციაზე გადაყვანა და კაჭარავას ნაცვლად ტექნიკური ფეხბურთელის (პაპუნაშვილი, გვილია, კიტეიშვილი) გამოყენება. თუმდაც მეორე ტაიმის სტარტიდან. ვაისმა ცვლილებები ძალიან დააგვიანა, თითქოს შეეშინდა. მატჩისშემდგომ თქვა, რომ ადვილი არ იყო ასეთ თამაშში ცვლილებაზე თამაშში ჩართვა და ამით ახსნა თავისი გადაწყვეტილება. მოკლედ, გუშინ მართლაც იყო შეცდომები, მინუსები და ეს გამოსასწორებელია. თუმცა, მთავარი ამ ეტაპზე მართლაც შედეგია, რომელიც არის – ორი თამაში, 6 ქულა. იყო მატჩები, ვამბობდით, კარგად ვითამაშეთ და წავაგეთო, ახლა ვამბობთ, რომ ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ. თუ საქმე-საქმეზე მიდგა, მეორე ვარიანტს ვამჯობინებ. და ბოლოს, ვაისი დაგვპირდა, რომ ოქტომბერში ნაკრები უკეთეს ფორმაში იქნება, განსაკუთრებით ფიზიკური კონდიციების მხრივ, დაველოდოთ და ვნახოთ, ჩვენც ეს გვინდა. თუმცა, ფიზიკური მომზადება ფეხბურთელებმა გუნდში უნდა მოახერხონ და ნაკრებში 1-კვირიან შეკრებაზე ამის გაკეთება შეუძლებელია.

0.113077