კალათბურთი

16:32 | 10.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნების მე-2 ადგილი პარიზულ ტურნირზე

საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მეტოქეა, პარიზის სამთა ტურნირზე ითამაშა და მე-2 ადგილის დაკავება შესძლო.

ტანასის სკურტოპულოსის შეგირდებმა პირველი შეხვედრა მონტენეგროსთან ჩაატარეს და 87:76 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ საწყისი ტაიმის მერე, ბალკანელები 4 ქულით იგებდნენ, თუმცა, მე-3 მეოთხედში ელინებმა 27:10 იმარჯვეს და თამაში სათავისოდ შემოატრიალეს.
შეიძლება ითქვას, რომ საბერძნეთს წარმატება კარგმა გუნდურმა თამაშმა მოუტანა, რაზეც ის ფაქტი მეტყველებს, რომ 6 და მეტი ქულა ერთბაშად 8 კალათბურთელმა მიითვალა.
ყველაზე შედეგიანები გეორგიოს პრინტეზისი (18), კოსტანტინოს მიტოღლუ (14), უბერებელი იოანის ბურუსისი (11) და კოსტას პაპანიკოლაუ (10) იყვნენ.

აღნიშნულ მატჩამდე, მონტენეგროს საფრანგეთმაც აჯობა (83:66), ამდენად, შეჯიბრის გამარჯვებულის ვინაობა მასპინძლებისა და ბერძნების შერკინებაში ირკვეოდა.
შეხვედრა თავიდანვე “სამფეროვანთა” უპირატესობით დაიწყო და დასკვნითი მეოთხედის წინ, ისინი 14 ქულით იგებდნენ, რაც გადამწყვეტი უპირატესობა აღმოჩნდა – 84:68.
ამ მატჩში ბერძენთა ლიდერები ნაკლებად სჩანდნენ. სხვებისგან გეორგიოს პაპაიანისსა (13) და სლუკასს (12) თუ გამოვარჩევთ. ვთქვათ ისიც, რომ შეხვედრა ნაადრევად დაასრულა პაპანიკოლაუმ, რომელიც მსაჯთან კამათისთვის გააძევეს.

შეგახსენებთ, რომ ბერძენი კალათბურთელები L ჯგუფში პირველ მატჩს 13 სექტემბერს, შინ, სერბეთთან ჩაატარებენ, 16-ში კი, თბილისში საქართველოსთან შეხვედრაა დაგეგმილი.

0.255538