ფეხბურთი

1:55 | 5.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძე, რონალდუ და სხვები: სერია A-ს ფეხბურთელების ხელფასები

საკლუბო ფეხბურთში დროებით პაუზაა. ბუნებრივია, მათ შორის, სერია A-შიც და იტალიურმა მედიამ, კერძოდ, გავლენიანმა Gazzetta Dello Sport-მა გამოაქვეყნა ელიტაში მოთამაშე ოცივე გუნდის სახელფასო ბიუჯეტი.

მოულოდნელობა არ ყოფილა: ყველაზე მეტს კრიშტიანუ რონალდუ გამოიმუშავებს - 31 მილიონი ევრო წელიწადში. შემდეგ მოდის გონსალო იგუაინი 9.5 მილიონით და მესამეზეა პაულო დიბალა - 7 მილიონი.

საერთოდ, ყველაზე მაღალანაზღაურებად 11 ფეხბურთელს შორის, შვიდი „იუვენტუსის“ წევრია. ბუნებრივია, საერთო მონაცემებით „ბებერი ქალბატონი“ ლიდერობს, რომელიც საგადასახადოსაც თუ გავითვალისწინებთ, სეზონში 219 მილიონ ევროს ხარჯავს. შემდეგ მოდის „მილანი“ 140 მილიონი წელიწადში და „ინტერი“ – 116 მილიონი. როგორც ხედავთ, სხვაობა დიდია. „იუვე“ ყველაზე მეტს იხდის მწვრთნელშიც: მაქს ალეგრი წლიურად 7.5 მილიონი ევრო ჯდება, კარლო ანჩელოტი 6.5, ხოლო ლუჩანო სპალეტი - 4.5.

Gazzetta-მ მონაცემები შეაჯამა და აღმოჩნდა, რომ სერია A-ს კლუბების სახელფასო გასავალი წელიწადში ჯამში 1.129 მილიონ ევროს შეადგენს. ასეთი მაღალი ციფრი იტალიაში აქამდე არ ყოფილა და მოკლედ, ეს რეკორდია.

ბუნებრივია, ავტორიტეტული იტალიური გამოცემამ გამოაქვეყნა „ემპოლის“ სახელფასო ბიუჯეტიც. ლევან მჭედლიძე სეზონში 300 ათას ევროს გამოიმუშავებს ხელფასის სახით. ტოსკანელებს ლევანზე უფრო მაღალანაზღაურებადი მხოლოდ შვიდი ფეხბურთელი ჰყავთ: ანტონელი, კაპუტო, სილვესტრე, აკქუა, ლა გუმინა, კრუნიჩი და ბენაკერი. ქართველის მსგავსი ხელფასი კი კაპეცის, დი ლორენცოს, მაიეტას, პასკუალსა და ზაიჩს აქვთ.

0.149479