კალათბურთი

21:06 | 4.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

“წავედით” – მეტ ჯენინგი საქართველოს ნაკრებში ითამაშებს!

ესპანური “ბასკონიას” ამერიკელმა კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა (სიმაღლე 1.96 მ. წონა 88 კგ.) საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებულ შესარჩევ მატჩებში ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მაისურით ითამაშებს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ჯენინგის ნატურალიზაციას აპირებდა, ორიოდ კვირის წინ გაჩნდა, თუმცა, უცნობი იყო, სექტემბრის სანაკრებო ფანჯრამდე ყველა იურიდიული პროცედურის მოგვარება რამდენად მოესწრებოდა.
სასიხარულოა, რომ ყველაფერი გეგმისამებრ წარიმართა და ამერიკელმა უკანახაზელმა ქართული პასპორტი მიიღო. ჯენინგმა შესაბამისი ფოტო ინსტაგრამის გვერდზე განათავსა ქართული წარწერით – “წავედით”.

ცნობისთვის, მეტი რამდენიმე დღეა თბილისში იმყოფება და საქართველოს ნაკრების სხვა წევრებთან ერთად ვარჯიშობს, ამდენად, გუნდთან შესათამაშებლად საკმარისი დრო ექნება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო პირველობის მე-2 ჯგუფურ ეტაპში 13 სექტემბერს ჩაებმება, როდესაც თელ ავივში ისრაელს გაეჯიბრება, 16-ში კი, თბილისში საბერძნეთთან მატჩია.
ორიოდ სიტყვით ამერიკელი კალათბურთელის ბიოგრაფიაზეც. 30 წლის მცველმა ევროპული კარიერა 2012 წელს სიენას “მონტეპასკიში” დაიწყო, შემდეგ ზაგრების ”ციბონაში”, სტამბულის “ანადოლუ ეფესში”, იერუსალიმის “ჰაპოელა” და ყუბანის “ლოკომოტივში” ითამაშა, 2015 წლიდან კი თორნიკე შენგელიას მხარდამხარ “ბასკონიაში” ირჯება.
გასულ სეზონში მეტის საშუალო მონაგარი 8.1 ქულა, 2.1 მოხსნა და 1.7 პასი იყო, 6 ივლისს კი ბასკურ კლუბთან კონტრაქტი კიდევ 1 წლით გააგრძელა. ცნობილია, რომ მეტი განსაკუთრებით ძლიერი პერიმეტრიდან შეტევის დროს გახლავთ.

0.272663