ჩოგბურთი

16:43 | 4.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

აქ არ არის მოხუცების ადგილი

როჯერ ფედერერმა წააგო. მილმანთან. ამერიკაში. არტურ ეშის კორტზე. მაგარ სიცხეში.

ხანდახან, ფედერერიც აგებს. ხანდახან, 37 წლის სპორტსმენი სიცხეში დგება და ვერ დარბის.

როჯერის წაგება არ გამიხარდა. ფედერერის წაგება ერთადერთ შემთხვევაში მესიამოვნებოდა - დელ პოტროსთან რომ წაეგო. ყველას გვყავს ფავორიტები. სხვა შემთხვევაში - არა. ფედერერი ჩოგბურთია.

ფედერერი ცუდ ფიზიკურ ფორმაშია. 37 წლის მოთამაშისთვის - ძალიან კარგ ფორმაში, მაგრამ ორკვირიანი დისტანციის გასავლელად - ცუდში.

მილმანი ჩვეულებრივი, კარგი, სწრაფი ბიჭია. რომელიც თითქმის ყველაფერს აბრუნებდა და მეორე სეტის მეცხრე გეიმიდან მოუმატა. ფედერერი დადგა. ვერ მიდიოდა ბურთზე, ვერ ასწრებდა მარჯვნიდან დასარტყმელად პოზიციის დაკავებას.

ბოლო ორ სეზონში ფედერერს ხშირად ჰქონდა ჩავარდნები, მაგრამ კლასით ეს შეცდომები იფარებოდა. ბოლო ორ სეზონში ფედერერი საკუთარ სხეულს ზოგავდა და ბევრ ტურნირს ტოვებდა. წელს ეს ტაქტიკა არ მუშაობს. თითქმის არ მუშაობს. სხვისთვის ფინალი და ნახევარფინალი მისაღები შედეგია, როჯერისთვის - ჩავარდნა.

ნუ ურევთ ფრაზებს „ფედერერმა წააგო მილმანთან“ და „ფედერერმა ვერ მოიგო US Open”. პირველი არის სენსაცია. მეორე - ჩვეულებრივი ეპიზოდი. როჯერთან ერთად ტურნირის მთავარი ფავორიტები იყვნენ (არიან) ნადალი, ჯოკოვიჩი, დელ პოტრო. თუ არ შეეშინდება მოგების, ალბათ, ჩილიჩიც. თუ გაუმართლებს - იზნერიც. დანარჩენები - ნაკლებად.

კირიოსთან სამ სეტში ფედერერი დარბოდა და როჯერის ჩოგბურთი ბი ბი კინგის გიტარიდან გამოსული ჯადოსნური მელოდია იყო. კირიოსთან ფედერერმა დახატა. როჯერი ფუნჯით თამაშობდა და ტილოზე ყველაზე ნათელი ფერები დაიტანა. როჯერი იყო მიქელანჯელო.

მილმანთან (მეოთხე სეტი რომ აეღო) მეხუთე სეტში ფედერერერი ბევრ შეცდომას დაუშვებდა. და შეიძლება, მაინც წამოეღო თამაში. და შემდეგ წრეში ფედერერს სერბი მესაფლავე დამარხავდა.

ჯადოქარმა დაკარგა მაგია. ჯადოქარმა დაკარგა ღიმილი. როჯერი მოწყენილი იყო.

დიდი მადლობა მილმანს ღირსეული ჩოგბურთისთვის. და უფრო დიდი მადლობა თამაშის შემდეგ ღირსეული საუბრისთვის. მილმანმა მხოლოდ ფედერერზე ისაუბრა. ავსტრალიელმა ტურნირს ყველაზე ლამაზი მოთამაშე წაართვა და თავი დაუხარა წაგებულ მეფეს. მილმანი ღირსება იყო.

ფედერერმა ფეხებით ვერ იმუშავა. დაიღალა. ან - ტრავმა, რომელიც ჩვენ არ ვიცოდით. როჯერმა ისაუბრა სიცხეზე, მილმანის კარგ ჩოგბურთზე და როჯერმა უნდა დაისვენოს. საოცრად ლამაზ ოჯახთან ერთად. და დაიწყოს ახალი წრე.

37 წლის სხეული არ მუშაობს, როგორც - 23 წლის. ფედერერმა მილმანთან და სიცხესთან წააგო. როჯერმა პაუზა აიღო.

ჩოგბურთი დაუნდობელია.

აქ არ არის მოხუცების ადგილი.

და ყველას, ნადალის, დელ პოტროს, სერბის გულშემატკივრებს მოგვენატრება ეს მოხუცი, რომელიც დღესაც ჩოგბურთის სახეა.

არა, უფრო მეტი.

როჯერი ჩოგბურთია.

0.191876