სხვა

13:37 | 4.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

წარმატებასთან ახლოს იყვნენ...

სამხრეთ კორეის ქალაქ ჩანგვონში მიმდინარე მსროლელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, დღეს, ქართველი სპორტსმენები სამ დისციპლინაში გამოვიდნენ და აქედან ორში ახლოს იყვნენ წარმატებასთან – ახალგაზრდებში შერეულ წყვილებში 10 მეტრზე აკაკი მოსულიშვილს და ნინო ხუციბერიძეს 3 ქულა დააკლდათ ფინალში შესასვლელად და საბოლოოდმ 34 გუნდს შორის მე-7 ადგილზე გავიდნენ, ხოლო 50 მეტრზე ცოტნე მაჭავარიანი 66 სპორტსმენს შორის მე-8 პოზიციაზე აღმოჩნდა. ორივე დისციპლინაში ჩვენებმა ბოლო სერია ჩააგდეს. ნინო სალუქვაძემ პნევმატური პისტოლეტით ისროლა და წარუმატებლად: 64-ე ადგილი 563 ქულით.
საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, მაჭავარიანი პირველი სერიის შემდეგ 96 ქულით სულაც პირველ-მეორე ადგილებს იყოფდა სერბ დუშკო პეტროვიჩთან და ბოლომდე ინარჩუნებდა მედლის მოპოვების შანსს. რადგან ეს არაოლიმპიური სახეობაა, აქ ფინალები არ ტარდება და პირდაპირ საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგებით ვლინდება მედალოსანთა სამეული. ცოტნემ საწყის 5 სერიაში 96, 91, 92, 95, 93 ქულა დააგროვა და მხოლოდ ბოლო სერია ჩააგდო – 89, ჯამში კი 556 ქულა გამოუვიდა. როგორც გითხარით, ის მე-8 ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედალოსანს 4 ქულით ჩამორჩა, რისი გაბათილებაც თავისუფლად შეეძლო.
ამ სახეობაში ჩემპიონი 564 ქულით ინდოელი პრაკაშ ომ მიტარვალი გახდა. ვერცხლი სერბმა ევროპის მედალოსანმა დამირ მიკეცმა მოიპოვა – 562, ბრინჯაო – კორეელმა დაემიუნ ლეემ 560-ით.

ახალგაზრდებმა 758 ქულით დაამთავრეს საკვალიფიკაციო ეტაპი. აქედან ხუციბერიძის ანგარიშზე 380 ქულაა, მოსულიშვილის წილად კი – 378. აღსანიშნავია, რომ ხუციბერიძემ პირველ სერიაში 98 ქულა გააკეთა.
ამ დისციპლინაში ფინალში 2-2 გუნდი გავიდა ინდოეთიდან და კორეიდან, ერთი კი რუსეთის წყვილი იყო. მასპინძელთა გასახარად, ფინალში კორეელებმა იმძლავრეს. ჩემპიონი ახალგაზრდებში მსოფლიოს რეკორდით კორეელთა პირველი გუნდი გახდა: გაეუნ ჩოო, იუნჰო სუნი – 483.0. ვერცხლი კორეელთა მეორე გუნდმა მოიპოვა 473.1-ით – ჰიუნიოუნ იოო, ჰოჯინ ლიმი, მესამეზე კი ინდოეთის პირველი ნაკრები გავიდა 407.3-ით – აბჰიდნია აშოკ პატილი, ჩაუდჰარი საურაბჰი.
სალუქვაძემაც უფრო ბოლო ორ სერიაში მოუკლო, თორემ მანამდე ისიც ინარჩუნებდა ფინალის შანსს. მან ცალკეულ სერიებში 94, 96, 94, 96, 92 და 91 ქულა მოინადავლა, რამაც ჯამში 563 ქულა შეადგინა.
საკვალიფიკაციო ეტაპი 586 ქულით რუსთა ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა ვიტალინა ბაცარაშკინამ მოიგო, ვინც კორეაში მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა შერეულ წყვილებში. მეორეზე 584-ით ბერძენი ოლიმპიური ჩემპიონი ანა კორაკაკი გავიდა, მას კი ერთი ქულით ჩამორჩა სერბი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ზორანა არუნოვიჩი.
ფინალში ყველაზე უკეთ კორაკაკი გაისარჯა და 241.1 ქულით მსოფლიოს ჩემპიონი გახდა (ეს ოლიმპიური ოქროსა და ბრინჯაოს მფლობელის პირველი მედალია მსოფლიოზე). არუნოვიჩი 239.8-ით მეორეზე დარჩა, ბრინჯაო კი მასპინძელმა ბომი კიმიმ მოიპოვა 218.8 ქულით. მეოთხეზე ჩინელი რანქსინ ჯიანი გავიდა 178.7-ით და ამ კვარტეტმა ტოკიოს 2020 წლის ლიცენზიებიც მოიპოვა.

0.118946