კალათბურთი

14:51 | 3.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰოუელი ქართველებს ვეღარ დაუპირისპირდება
მარიხუანის მომხმარებელ ამერიკელს დიბარტოლომეო ჩაანაცვლებს

ისრაელის ანტიდოპინგურმა სააგენტომ იერუსალიმის “ჰაპოელის” წევრები რიჩარდ ჰოუელი და ტაშონ ტომასი 3-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. შეგახსენებთ, რომ ჰოუელი ისრაელის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრიც გახლდათ, თუმცა, აღნიშნულის გამო, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის ევროპული ზონის მე-2 საკვალიფიკაციო რაუნდსაც ჩამოშორდა და ვერც საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელი კალათბურთელების დასჯის მიზეზი კანაბისის მოხმარება გახდა. ჰაუელმა აღიარა, რომ ისრაელის ჩემპიონატში გამართული გაფიცვის დროს მარიხუანის აქტიური მომხმარებელი გახლდათ. რიჩარდის თქმით, ის დარწმუნებული იყო, რომ მოთამაშეებსა და ლიგის ხელმძღვანელებს შორის არსებული უთანხმოების გამო, გასული სეზონს დასრულება არ ეწერა, ამდენად, თავს სამშვიდობოს გრძნობდა.
სათქმელია, რომ ფიბა-ში ჰოუელის გაცილებით მკაცრად დასჯას აპირებენ და თუკი ვითარება არ შეიცვალა, ის, შესაძლოა, საკალათბურთო მოედანს 1 წლით ჩამოშორდეს.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ევრობასკეტზე საქართველოსა და ისრაელის ნაკრებები ერთ ჯგუფში იყვნენ და თელ ავივში გამართული შეხვედრა ილიას ზუროსის შეგირდებმა ოვერტაიმში 104:91 მოიგეს. მაშინ ჰოუელმა მოედანზე 20:08 წუთი გაატარა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მისი მონაგარი 19 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა გახლდათ. სრულად ევროპის პირველობაზე რიჩარდის საშუალო მაჩვენებლები ასეთი იყო: 28.2 წუთი, 17.8 ქულა, 5.8 მოხსნა, 1.3 პასი და 3.3 ჩაჭრა.
უკვე ცნობილია, რომ მოახლოებულ შეხვედრებში რიჩარდს ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელის რანგში თელ ავივის “მაკაბის” მცველი ჯონ დიბარტოლომეო ჩაანაცვლებს. ისრაელის ნაკრები მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპს 13 სექტემბერს, შინ, სწორედ საქართველოსთან თამაშით გახსნის, 16-ში კი გერმანიაში სტუმრობა ელის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.132687