ფეხბურთი

4:07 | 3.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტის პირველი ნეაპოლური მარცხი

იტალიის სერია A-ს მესამე ტური 7 შეხვედრით დასრულდა. საინტერესოა, რომ 5 მატჩში ოდენ ოთხი გოლი გავიდა.

„ფიორენტინამ“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და უდანაკარგოდ ასპარეზობს (ორი მატჩი აქვს ჩატარებული). სტეფანო პიოლის გუნდმა თუ წინა ტურში „კიევო“ გაანადგურა, ამჯერად „უდინეზესთან“ გაუჭირდა, მაგრამ დამსახურებულად იმარჯვა. ერთადერთი გოლი ფედერიკო კიეზას დიდებული მოქმედებისა და პასის შემდეგ მარკო ბენასიმ გაიტანა. სხვათა შორის, არც ბენასის გოლს დაეწუნებოდა არაფერი, მაგრამ კიეზას პასი მართლაც დიდებული გამოვიდა.

ბერგამოს „ატალანტაზე“ როგორც ჩანს, ევროპა ლიგიდან გამოვარდნამ ცუდად იმოქმედა. ჯანპიერო გასპერინის გუნდი უფერულად გამოიყურებოდა და მოკრძალებულ „კალიარისთან“ სახლში წააგო. ახალგაზრდა ნიკოლო ბარელამ კი ჯარიმა გაიტანა, თქვენგან მოწონებული...

პირველი ქულები მოიპოვა რომის „ლაციომ“. სიმონე ინძაგის გუნდმა „ნაპოლისთან“ და „იუვენტუსთან“ მარცხის შემდეგ „ფროზინონე“ რის ვაი-ვაგლახით, მაგრამ მაინც დაამარცხა. რომაელებს არაერთი საგოლე შანსი ჰქონდათ, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში მოიკოჭლებდნენ. საბოლოოდ, ლუის ალბერტომ ივარგა და ესპანელის გოლი სამი ქულისთვის საკმარისი გამოდგა.

სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა „ტორინომ“. ტურინელებმა აქამდე უდანაკარგოდ მოთამაშე „სპალს“ აჯობეს და სეზონში პირველი მარცხიც აწვნიეს. ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის სტარტზე ნიკოლას ნ’კულუმ შეაგდო.

გოლი საერთოდ არ გასულა „კიევოსა“ და „ემპოლის“ შეხვედრაში. ლევან მჭედლიძე ისევ სათადარიგო სკამზე დარჩა მთელი თამაშის განმავლობაში.

თუ ზემოხსენებული მატჩები მწირი შედეგიანობით გამოირჩა, იგივეს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ „სასუოლო“ – „ჯენოას“ შეხვედრას. რეჯიო ემილიაში ერთობ ხალისიანი ფეხბურთი გაჩაღდა და გულშემატკივარმა 8 გოლიც იხილა. თავიდან გენუელები დაწინაურდნენ, მაგრამ მერე საქმეში კევინ პრინს ბოატენგი ჩაერთო და მასპინძლებმა მეტწილად განელის ლიდერობით მოახერხეს 5 გოლი გაეტანათ სტუმართა კარში. ბოლოს „ჯენოა“ გააქტიურდა და ის შეძლო, რომ საპატიო ანგარიშით, 3:5 წააგო.

და ბოლოს, კარლო ანჩელოტის „ნაპოლიმ“ საწყის ორ ტურში „ლაციო“ და „მილანი“ მიჯრით დაამარცხა, მაგრამ ახლა თავად დამარცხდა. გენუაში, „სამპდორიამ“ ნეაპოლიტანელები ყველა კომპონენტში დაჩაგრეს და დამსახურებულად მიითვალეს სამი ქულა. შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში ფაქტობრივად გაირკვა. გრეგუა დეფრელიმ დუბლი გაიფორმა და „სამპამ“ მნიშვნელოვანი ჰანდიკაპი მოიპოვა. შეხვედრას წერტილი 75-ე წუთზე ფაბიო კვალიარელამ დაუსვა. ვეტერანმა იტალიელმა ჩვეულ სტილში, საოცარი გოლი შეაგდო. ისეთი მაგარი გოლი გამოვიდა (ქუსლით), აღწერას დიდად აზრი არ აქვს და ეს უბრალოდ უნდა ნახოთ - ნამდვილი შედევრი იყო. სხვათა შორის, ნეაპოლელმა კვალიარელამ მიუხედავად ფანტასტიკური გოლისა, არ აღნიშნა და ოპონენტ დავიდ ოსპინას მოუბოდიშა კიდეც. ამასობაში კი, ანჩელოტიმ „ნაპოლიში“ პირველი თამაში წააგო.

ახლა სანაკრებო პაუზის ჯერიც დადგა. სერია A ორი კვირის შემდეგ განახლდება.

„ფიორენტინა“ – „უდინეზე“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ბენასი (73)

„კიევო“ – „ემპოლი“ 0:0 (0:0)

„ატალანტა“ – „კალიარი“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ბარელა (45)

„ტორინო“ – „სპალი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ნ’კულუ (52)

„ლაციო“ – „ფროზინონე“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ლუის ალბერტო (49)

„სამპდორია“ – „ნაპოლი“ 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 დეფრელი (11), 2:0 დეფრელი (32), 3:0 კვალიარელა (75)

„სასუოლო“ – „ჯენოა“ 5:3 (4:1)

გოლები: 0:1 პიატეკი (27), 1:1 ბოატენგი (34), 2:2 ლიროლა (38), 3:1 ბაბაკარი (41), 4:1 სპოლი (45, ა.გ), 5:1 ფერარი (62), 5:2 პანდევი (70), 5:3 პიატეკი (83)

თეგებისერია A
0.284871