უეფას ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების პირველი და მთავარი მეტოქის, ყაზახეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვმა პრესკონფერენცია გამართა. ბულგარელ სპეციალისტს ჟურნალისტები ვლადიმირ ვაისისა და საქართველოს ნაკრების შესახებ დაეკითხნენ.
სტოილოვი მიიჩნევს, რომ საქართველო კარგად დაკომპლექტბული გუნდია და ქაღალდზე ჯგუფში ყველაზე ძლიერიც. თუმცა, იქვე დასძინა, რომ ყაზახეთის ნაკრებს შეუძლია მეტოქის დამარცხება.
- საქართველოს ნაკრებს ვლადიმირ ვაისი წვრთნის. ის ყაზახეთის პრემიერლიგაში მუშაობდა და ახლა სანაკრებო დონეზე შეხვდებით...
- ვაისს დიდი ხანია ვიცნობ. ძალიან კარგი მწვრთნელი და დიდებული ადამიანია. მას ყველგან კარგი შედეგი ჰქონდა, სადაც მუშაობდა და ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებმა კარგი არჩევანი გააკეთა. მწვრთნელთა დაპირისპირება გასახდელში მთავრდება, ხოლო მოედანზე ყველაფერი ყაზახ და ქართველ ფეხბურთელებზე იქნება დამოკიდებული. მოხარული ვარ, რომ მას შევხვდები და იმედია, ძლიერი გაიმარჯვებს.
- სავარაუდოდ, მეტოქე უკვე შეისწავლეთ. ვაისის გუნდები ნახევარდაცვაში ყოველთვის ძლიერები იყვნენ. შეისწავლეთ ქართველთა შუა ხაზი და რისი გეშინიათ ყველაზე მეტად მეტოქის მხრიდან?
- საქართველო კარგად დაკომპლექტებული გუნდია. მცველები თამაშობენ მოსკოვის „ლოკომოტივსა“ და დონეცკის „შახტარში“. ასევე ჰყავთ მოთამაშეები ისეთი ძლიერი გუნდებიდან, როგორებიც „გენტი“ და „ანორთოსისია“. მხოლოდ ნახევარდაცვაში არ არიან ძლიერები. თითქმის ყველა ფეხბურთელი ევროპაში თამაშობს. რუსული გუნდებიდან ჰყავთ წარმომადგენლები: „ლოკომოტივი“, „კრასნოდარი“, „უფა“, „კრილია სოვეტოვი“. თუმცა, ყოველთვის ის არ იმარჯვებს, რომელიც სახელებით უკეთესია. ჩვენ არ გვყავს ლეგიონერები, მაგრამ ყაზახეთის ნაკრებს აქვს პოტენციალი და ფეხბურთელებს შეუძლიათ კარგად თამაში. ახლა ჩვენი მიზანია, რომ დავარწმუნოთ მოთამაშეები თავის სიძლიერეში და არავის შიში არ უნდა ჰქონდეთ. შესაძლოა, ჩვენ ქულები მოვიპოვოთ საქართველოსთან, მაგრამ დავკარგოთ ანდორასთან... თანამედროვე ფეხბურთში გუნდების დონე გათანაბრდა. გუნდი, რომელიც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს, ის იქნება პირველი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე პირველ შეხვედრას 6 სექტემბერს, ასტანაში, სწორედ ყაზახეთის ნაკრებთან გამართავს.