ფეხბურთი

2:34 | 2.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

"თქვენ ირჩევთ" - აგვისტოს თვის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი

“თქვენ ირჩევთ” – WORLDSPORT.GE-ს ტრადიციული, ყოველთვიური გამოკითხვა გრძელდება. შეგახსენებთ, ჩვენი ვებგვერდი აღნიშნულ გამოკითხვას 2016 წლის სექტემბრიდან მოყოლებული გთავაზობთ.

სანამ ნომინანტებზე ვიტყოდეთ, წესებს შეგახსენებთ, რომელიც უცვლელია: ჩვენი მკითხველი თვის საუკეთესო ფეხბურთელს ირჩევს. გამოკითხვა, როგორც აქამდე, ჩვენს ვებგვერდზე მომდევნო სამი დღის განმავლობაში განთავსდება და ხმის მიცემა ნებისმიერ ადამიანს შეეძლება. თუმცა, მხოლოდ ერთხელ, ერთ სასურველ კანდიდატზე.

ბოლოს ჩვენი გამოკითხვა მაისში შედგა და გამარჯვებული გიორგი პაპუნაშვილი გახდა, რომელმაც ხმების ნახევარზე მეტი, 53.3% მიიღო. „სარაგოსას“ ფეხბურთელი ჩვენმა მკითხველმა პირველად გამოარჩია.

აქვე შეგახსენებთ, "თქვენ ირჩევთ" ყველა გამარჯვებულს: ჯანო ანანიძე (სექტემბერი 2016 წელი), ვაკო გვილია (ოქტომბერი), თორნიკე ოქრიაშვილი (ნოემბერი), ლევან მჭედლიძე (დეკემბერი), ლევან მჭედლიძე (იანვარი 2017 წელი), გიორგი მაკარიძე (თებერვალი), ჯანო ანანიძე (მარტი), გურამ კაშია (აპრილი), გრიგოლ დოლიძე (მაისი), სოლომონ კვირკველია (სექტემბერი), სოლომონ კვირკველია (ოქტომბერი), როინ კვასხვაძე (ნოემბერი), სოლომონ კვირკველია (დეკემბერი), გიორგი ჩაკვეტაძე (თებერვალი, 2018 წელი), ვაკო ყაზაიშვილი (მარტი), საბა ლობჟანიძე (აპრილი) და გიორგი პაპუნაშვილი (მაისი).

ახლა კი, 2018-2019 წლების სეზონის პირველი ნომინაციაზე და აგვისტოს თვის ნომინანტებზე გადავიდეთ. გეტყვით, რომ ხუთი კანდიდატი გვყავს. ჩვენი არჩევანი ასეთია და აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელს "თქვენ ირჩევთ"...

ვაკო ყაზაიშვილი („სან ხოსე“, აშშ) - წარმატებული აგვისტო ჰქონდა ვაკო ყაზაიშვილს. საქართველოს ნაკრების შემტევმა გასულ თვეში MLS-ში 5 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ოთხივე „დალასის“ კარში. აგვისტოში „სან ხოსეს“ ორჯერ მოუწია დალასელებთან დაპირისპირება. ჯერ 3:1 მოუგო, მერე 4:3. ვაკომ ორივე შემთხვევაში დუბლი შეასრულა. უნდა ვთქვათ ისიც, რომ ერთხელ ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

გიორგი ხარაიშვილი („გიოტებორგი“, შვედეთი) - ერთობ ნაყოფიერი თვე გამოუვიდა გიორგი ხარაიშვილის, რომელიც მას შემდეგ, რაც შვედეთში გადავიდა, უდაოდ საუკეთესო პერიოდს განიცდის. „გიოტებორგის“ შემტევმა აგვისტოში 5 თამაში ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა დ 4 საგოლე პასი გააკეთა. ის ერთადერთი გოლიც ალბათ, გახსოვთ - კუთხურიდან ჩაახვია. ხსენებულ მონაგართან აუცილებლად უნდა ვახსენოთ ივლისში გატანილი ორი გოლიც.

დავით ხოჭოლავა („შახტარი“, უკრაინა) – 25 წლის ქართველი მცველისთვის სეზონი ჩინებულად დაიწყო და ჯერჯერობით ერთი წუთიც არ გამოუტოვებია. უკრაინის პრემიერლიგის განვლილ 6 ტურში მან თავიდან ბოლომდე მიიღო მონაწილეობა და და რაც მთავარია, სტაბილურად კარგად ირჯებოდა. 11 აგვისტოს, პოლტავას „ვორსკლას“ გოლიც გაუტანა.

ლაშა პარუნაშვილი („ესბიერგი“, დანია) - ლაშა პარუნაშვილს კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული პეროდი უდგას. 25 წლის ფეხბურთელი დანიის სუპერლიგას ჩინებულად მოერგო. აგვისტოში 4 თამაში ჩაატარა და „ოლბორგთან“ საგოლე პასი გააკეთა და ამ გოლით მისმა გუნდმა 1:0 მოიგო. სხვათა შორის იქამდე, ივლისის ბოლოს ულამაზესი გოლიც გაუტანა მოქმედ ჩემპიონ „მიდტიულანდს“ და ივლისში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

გიორგი ჩაკვეტაძე ("გენტი", ბელგია) - 19 წლის ჩაკვეტაძემ შეიძლება ითქვას, რომ "გენტის" ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა. მიმდინარე სეზონში ბელგიის ჩემპიონატსა (5) და ევროპა ლიგაზე (4) ჯამში 9 შეხვედრა ჩაატარა. აქედან 8 აგვისტოში და ყველა ძირითად შემადგენლობაში. რაც მთავარია, ჩვენებური აშკარად გამორჩეულია და ამის დასტურად ის ნდობაც გამოდგება, რომელიც მთავარი მწვრთნელისგან აქვს.

0.117488