ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა „ლუდოგორეცთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. ქართველი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი ბულგარეთში ბოლომდე იბრძოლებს გამარჯვებისთვის.
„გუნდში კარგი განწყობაა, ყველას გათავისებული გვაქვს, თუ რა მნიშვნელობის მატჩია ხვალ ჩვენი გუნდისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული ქართველისთვის. გუნდი მოედანზე აუცილებლად საბრძოლო განწყობით გამოვა და ბოლო წუთამდე, ბოლო წამამდე იბრძოლებს გამარჯვებისთვის. რაც შეეხება ტრავმირებულებს, გიგაური გვყავს ტრავმირებული, რომელიც საქართველოში დარჩა, დანარჩენები ყველანი მწყობრში არიან და ემზადებიან თამაშისთვის“, - განაცხადა ჩხეტიანმა.
შეგახსენებთ, „ლუდოგორეცისა“ და „ტორპედოს“ შეხვედრა 30 აგვისტოს, რაზგრადში, 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია „სილქ უნივერსალის“ ეთერში იქნება.