ხორვატიის ეროვნული ნაკრების და "მილანის" მარცხენა გარემარბს ივან სტრინიჩს გულის პრობლემების გამო დროებით სპორტული აქტივობა აეკრძალა. როგორც "მილანის" ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, 31 წლის ფეხბურთელს ჩატარებული ტესტის შემდეგ გულის კუნთის ზრდა დაუფიქსირდა და სანამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გამოსწორდება, ვარჯიშს ვერ დაიწყებს.
ივანი "მილანს" მიმდინარე წლის ზაფხულში "სამპდორიადან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. სტრინიჩმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ხორვატიის ნაკრებში შვიდი მატჩიდან ექვსში მიიღო მონაწილეობა და გუნდის წარმატებულ თამაშში თავისი წვლილი შეიტანა.
31 წლის მცველმა "როსონერის" წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპი გამოტოვა და კლუბმა მის პოზიციაზე სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ჯენოადან" ურუგვაის ნაკრების გარემარბი დიეგო ლაქსალტი შეიძინა.