ფეხბურთი

11:01 | 18.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ და ბევრი სიახლე: სერია A-ს ხმაურიანი აფიშა

იტალიურ ფეხბურთს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ბევრი მოტრფიალე ჰყავს. აწ დასრულებულმა მსოფლიოს ჩემპიონატმა კი იტალიის ნაკრების გარეშე ჩაიარა და შედეგად, კალჩოს მოყვარულებმა ცოტა არ იყოს მოიწყინეს კიდეც. თუმცა, დღეს მათთვის სამთვიანი ლოდინი სრულდება.

სრულდება, რადგან სერია A იწყება. სერია A, რომელსაც მარადმწვანე ჩემპიონი ჰყავს ბოლო პერიოდში, მაგრამ ზაფხულში განვითარებულმა მოვლენებმა დიდი ინტრიგა შემოგვთავაზა – კალჩო ბევრს გვპირდება.

ზაფხულის სატრანფერო ბაზარზე იტალიურმა გუნდებმა განსაკუთრებულად იაქტიურეს და ბევრი ცვლილება მოხდა. განსაკუთრებით, გრანდებში. მოკლედ, ვეცდებით, მეტ-ნაკლებად ყველას შესახებ ვისაუბროთ.

სერია A-სადმი ინტერესი ალბათ ერთი-ორად გაიზრდება, რადგან კრიშტიანუ რონალდუ სწორედ ამ ლიგაში ითამაშებს. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის დამატებამ იტალიაში იმედი გააღვივა, რომ კალჩო ძველ დიდებას ეტაპობრივად დაიბრუნებს და ისევ ითამაშებენ აპენინის ნახევარკუნძულზე მსოფლიო დონის ვარსკვლავები, როგორც ეს წლების წინ იყო. რონალდუ “იუვენტუსისთვის” გაიტანს და ალბათ გაიტანს ძალიან ბევრს...

“იუვენტუსი”

საუბარი “იუვენტუსით” უნდა დავიწყოთ. სხვაგვარად არც გამოვა, რადგან ეს, ის გუნდია, რომელიც 7 წელია სკუდეტოს არავის უთმობს. ეს, ის გუნდია, რომლის რიგებშიც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ ჩაირიცხა. 10 ივლისს, პორტუგალიელის ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. მოკლედ, ახლა “ბებერი ქალბატონისგან” კიდევ უფრო მასშტაბური განცხადებებია მოსალოდნელი. საერთოდაც, “იუვე” სახეცვლილი იქნება.

ეს იქნება პირველი “იუვენტუსი” 2001 წლიდან მოყოლებული, როდესაც კარში ჯანლუიჯი ბუფონი არ იქნება. ეს იქნება “იუვენტუსი”, რომლის რიგებშიც კლაუდიო მარკიზიო არ ითამაშებს. ბუფონს კონტრაქტი დაუსრულდა და ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვა გუნდი. კონტრაქტი ჰქონდა, მაგრამ ნაადრევად გაწყვიტეს მხარეებმა კლაუდიო მარკიზიოს შემთხვევაში. ეს ახლახან მოხდა და გარკვეულწილად მოულოდნელიც იყო. იტალიური მედია ამას არ აანონსებდა. 7 სკუდეტოს კიდევ ერთი მფლობელი სტეფან ლიხშტაინერიც აღარ შეიმოსება შავ-თეთრი მაისურით. კრიშტიანუ რონალდუს მოსვლის შემდეგ კი, “იუვენტუსმა” მწვანე შუქი გონსალო იგუაინსაც აუნთო. ის იჯარით “მილანის” შეტევას გააძლიერებს.

“მილანიდან” დაბრუნდა ლეონარდო ბონუჩი. რონალდუს ტრანსფერის შემდეგ ყველაზე რეზონანსული სწორედ ლეოს სახლში დაბრუნება იყო. ბონუჩიმ ზუსტად ასე თქვა, სახლში დაბრუნებით ბედნიერი ვარო. “იუვენტუსმა” იყიდა სხვა საინტერესო ფეხბურთელებიც, როგორებიც არიან ჟოაუ კანსელუ, ლეონარდო სპინაცოლა, ემრე ჯანი და მატია პერინი. გუნდს მატია კალდარაც შეუერთდა, მაგრამ ხანმოკლე პერიოდით. კალდარა ბონუჩის სანაცვლოდ “მილანში” აღმოჩნდა.

ფაქტი ერთია: “იუვენტუსმა” აქცენტი გამოცდილებაზე გააკეთა და ჩემპიონთა ლიგის მოგებისკენ ისწრაფვის. სწორედ ამას უნდა მივაწეროთ ლეონარდო ბონუჩის მეტად პერსპექტიულ მატია კალდარაში გაცვლა. როგორც უნდა იყოს, ტურინელთა შემადგენლობა არამარტო იტალიის, არამედ ევროპის ასპარეზზე ერთობ სოლიდურად მოსჩანს და სკუდეტოს მთავარი პრედენდენტიცაა.

“ინტერი”

სატრანსფერო ბაზარს თუ გადავხედავთ, “იუვენტუსის” მთავარ კონკურენტად მილანის “ინტერი” უნდა მივიჩნიოთ. ლუჩანო სპალეტის გუნდი საჩემპიონო რბოლაში შარშანაც იყო ჩართული, მაგრამ ბოლოს საქმეები აერია და ჩემპიონთა ლიგის საგზური ოდენ ბოლო ტურში, ბოლო წუთებზე გაიფორმა. “ნერაძურიმ” ნაყოფიერად იმუშავა ზაფხულში და შემადგენლობაში სოლიდური შევსებაც მიიღო.

სტეფან დე ვრეი და კვადვო ასამოა საერთოდ უფასოდ გაიფორმა და ეს დადებით მოვლენად უნდა შევაფასოთ. გარდა ამისა, “ინტერმა” ძალიან საინტერესო არგენტინელი ფორვარდი ლაუტარო მარტინესი დაიმატა. “რომადან” კი თვით რაჯა ნაინგოლანის გადმობირება მოახერხა. არც შიმე ვრსალკოსა და კეიტა ბალდეს ტრანსფერებს დაეწუნება რამე. მოკლედ, “ინტერნაციონალე” ერთობ საინტერესოდ იშიფრება და მისგან აფეთქება გასაკვირი არ უნდა იყოს. თანაც, “ინტერი” ხომ ტიტულებს უკვე გვარიანად მოწყურებულია?!

“ნაპოლი”

“ნაპოლიში” ბევრი ცვლილება არ მომხდარა. მთავარი მაინც მწვრთნელთა გადაადგილება იყო. მაურიციო სარი “ჩელსიში” წავიდა, ხოლო ნეაპოლელები კარლო ანჩელოტიმ ჩაიბარა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ “პაპა კარლო” “ნაპოლის” მთავარი სიახლეა. ანჩელოტი სამშობლოში 9-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და ვნახოთ, როგორ აუღებს კალჩოს თავიდან ალღოს. ისე კი, შემადგენლობის მხრივ “ნაპოლიმ” თითმის ყველა ლიდერი შეინარჩუნა. გამონაკლისი მხოლოდ ჟორჟინიოა, რომელიც “ჩელსიში” სარის წაჰყვა.

სამხრეთელებმა დაკარგეს პეპე რეინაც, მაგრამ ერთბაშად სამი მეკარე იყიდეს. ნიჭიერი ალექს მერეტი, რომელზეც სამშობლოში ძალიან დიდი ავანსებია გაცემული, გამოცდილი ბერძენი ორესტის კარნეზისი და კოლუმბიელი დავიდ ოსპინა. უნდა გამოვყოთ ესპანელი ფაბიან რუისისა და იტალიელი სიმონე ვერდის ტრანსფერებიც. საეჭვოა, რომ “ნაპოლიმ” ისეთივე რიხიანი სეზონი ჩაატაროს, როგორც შარშან, მაგრამ ოთხეულში ალბათ უნდა ველოდოთ.

“რომა”

საკმაოდ შეცვლილი იქნება “რომაც”. “ჯალოროსიმ”, რომელმაც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს უწია, ორი ლიდერი დაკარგა – ალისონ ბეკერი და რაჯა ნაინგოლანი. სანაცვლოდ, ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდი ძალიან მაგრად შეივსო.

ალისონს შვედი ოლსენი შეცვლის, რომელსაც კარგი მუნდიალი ჰქონდა. ნაინგოლანის გარეშე კი შუა ხაზი ისეთმა ფეხბურთელებმა შეავსეს, როგორებიც, სტივენ ნზონზი, ბრაიან კრისტანტე და ანტე ჩორიჩი არიან. გაძლიერება შეინიშნება დაცვაშიც, სადაც “რომამ” ივან მარკანო გაიფორმა “პორტუდან”. მთავარი მოვლენები მაინც თავდასხმაში განვითარდა, სადაც რომაელთა მეტოქეთა კარს ხავიერ პასტორე და ჯასტინ კლუივერტი შეუტევენ. “რომას” ამბიციები ნამდვილად არ აკლია და ვნახოთ, რას მოუტანს გაზაფხული დედაქალაქურ გუნდს.

“მილანი”

თუ ცვლილებები მოხდა, ეს პირველ რიგში “მილანს” ეხება. “როსონერი” ჩინელმა მფლობელებმა დატოვეს და გუნდი ამერიკული კომპანიის Elliot Management-ის მმართველობაში გადავიდა. ამას მოჰყვა მასიმილიანო მირაბელისა და მარკო ფასონეს გუნდიდან გაშვებაც, ხოლო მათი ადგილი ძველმა სახემ, ლეონარდომ დაიკავა. სწორედ ლეონარდოს მოსვლის შემდეგ გადადგა “როსონერიმ” ქმედითი ნაბიჯები და სტარნასფერო ბაზარზე შეძლებისდაგვარად იაქტიურა.

კაპიტანი ლეონარდო ბონუჩის სანაცვლოდ “მილანმა” 24 წლის მატია კალდარა მიიღო, რომლისგანაც ბევრს ელიან, ისევე როგორც მისი და ალესიო რომანიოლის დუეტისგან. რომანიოლი კი ლომბარდიელთა ახალი კაპიტანია. იმავე დღეს, “როსონერიმ” “იუვენტუსისგან” 18-მილიონიანი იჯარით გონსალო იგუაინი გაიფორმა. ბოლო აკორდი კი, ტიემუ ბაკაიოკოს, სამუელ კასტილიეხოსა და დიეგო ლაქსალტის ტრანსფერები გამოდგა. ჰო, “მილანში” დაბრუნდა ლეგენდარული პაოლო მალდინიც, რომელიც ლეონარდოსთან ერთად წარმართავს გუნდის მდგომარეობას.

თავის მხრივ, “სან სირო” რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა. ბონუჩის გარდა “მილანში” აღარ გაირჯებიან ნიკოლა კალინიჩი და ანდრე სილვა. მთლიანობაში “მილანისთვის” ზაფხული დადებითად უნდა შეფასდეს და დანარჩენს უშუალოდ სეზონის მიმდინარეობა გამოაჩენს.

“ლაციო”, “ტორინო” და დანარჩენები...

რომის “ლაციოს” შარშან ძალიან მაგარი გუნდი ჰყავდა და წესით, წელსაც უნდა იყოს კონკურენტუნარიანი. სიმონე ინძაგიმ ყველა ლიდერი შეინარჩუნა და ასე თუ ისე, შემადგენლობაც გააძლიერა. თუმცა, ხმაურიანი გარიგებების გარეშე. სტეფან დე ვრეის, რომელიც “ინტერში” წავიდა, ფრანჩესკო აჩერბი შეცვლის. ადგილზეა ჩირო იმმობილე, რომლისგან ისევ ველოდებით ბევრ გოლებს და გადამწყვეტ გოლებს.

საინტერესო გუნდი მოსჩანს ვალტერ მაძარის “ტორინო”. ტურინელები მთელი ზაფხული აქტიურობდნენ, მაგრამ განსაკუთრებით ბოლოსკენ. სწორედ ამ პერიოდში “ხარებმა” “ვილიარეალიდან” რობერტო სორიანო ინათხოვრეს, ხოლო “ვალენსიადან” სამშობლოში დააბრუნეს სიმონე ძაძა. გუნდმა შეინარჩუნა ანდრეა ბელოტიც, რომელზეც მართალია ისეთი ტაციაობა არ ყოფილა, როგორც ერთი წლის წინ, მაგრამ მაინც გამოსარჩევი ფიგურაა “ტორინოში”.

გვერდს ვერ ავუვლით ბერგამოს “ატალანტას”, რომელიც უკვე ორი სეზონია ქომაგებს აოცებს და შედეგიან ფეხბურთს თამაშობს. ლომბარდიელთაგან ახლაც იგივეა მოსალოდნელი, რადგან ჯამპიერო გასპერინის გუნდი საინტერესოდაა დაკომპლექტებული. ბერგამოელებმა ემილიანო რიგონის, დუვან ძაპატასა და მარიო პაშალიჩის მეშვეობით ისედაც დაბალანსებული შემადგენლობა კიდევ დააბალანსეს.

სხვა...

სიურპრიზები გამორიცხული არაა ფლორენციის “ფიორენტინასაგან” და გენუის “სამპდორიასგანაც”, რომლებიც ალბათ უფრო ევროზონასთან იტრიალებენ. აი, გადარჩენისთვის კი სავარაუდოდ რამდენიმე გუნდს მოუწევს ბრძოლა. მათ რიგებში უნდა შევიყვანოთ ფილიპო ინძაგის “ბოლონია”, ახალწვეულები “პარმა”, “ფროზინონე” და “ემპოლი”, “სპალი”, “კიევო”, “ჯენოა”, “სასუოლო” და “კალიარი”.

სეზონი დღეს, ჩვენი დროით 20:00 საათზე ვერონადან დაიწყება. “ბენტეგოდიზე” ჩემპიონი “იუვენტუსი” ჩავიდა და კრიშტიანუ რონალდუს დებიუტი ექნება. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ბოლო წლების ყველაზე ხმაურინი აფიშის მქონე სერია A იწყება!

თეგებისერია A
0.148733