საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე კარიერას სან სებასტიანის გუნდ "გიპუსკოა ბასკეტში" გააგრძელებს. როგორც ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ბექა ახალი გუნდის მაისურით მომდევნო ერთი სეზონის განმავლობაში ითამაშებს.
ბურჯანაძე გასული ორი სეზონი "მორაბანკ ანდორაში" ირიცხებოდა. 2017 წლის გაზაფხულიდან ბექა ტრავმირებული იყო და გასული სეზონი ჩაუვარდა. ასევე, ბურჯანაძემ მონაწილეობა ვერ მიიღო 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე და ვერც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში დაეხმარა ეროვნულ გუნდს.
ანდორული გუნდის რიგებში ბურჯანაძე საშუალოდ 20 წუთის განმავლობაში 10.3 ქულას და 4.2 მოხსნას აგროვებდა. ეროვნულ ნაკრებში ბექას 21 მატჩი აქვს ჩატარებული. სან სებასტიანის გუნდმა კი გასული სეზონი ესპანეთის უმაღლეს ჩემპიონატში მე-13 ადგილზე დაასრულა.