მსოფლიო სპორტის ორი ლეგენდის - გერმანელი მობურთალის, ბასტიან შვაინტაიგერისა და სერბი მეჩოგნის, ანა ივანოვიჩის ქორწინებას თავიდან ბევრი ავყია ადამიანი ეჭვის თვალით უცქერდა და იძახდნენ, მათი ერთად ყოფნა სერბეთისა და მონტენგეროს მცირეხნიანი თანაცხოვრებასავითაა და მალე ჩამოიშლებაო.
ნურას უაცრავად! ბასტიანი და ანა “დათა თუთაშხიასეული“ ბუდარა და ბუდარეხასავით კოხტად თანაცხოვრობენ, საზოგადოებაშიც მუდმივად ერთად ჩნდებიან და მათსავით გუგულივით მშვიდი და მტრედივით მოჟღურტულე წყვილი ამ უცნაურ დუნიაზე არც ისე ბევრი მოიძებნება.
მართალია მუხთალი წუთისოფელი და წლები თავისას შვრება, რის გამოისობითაც როგორც ანას, ასევე ბასტიანის სპორტული კარიერა თავქვე მიექანება, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ამქვეყნად ყველანაირი დიდი სპორტული კარიერა ბოლოს მაინც სრულდება და ამაზე მუდმივი დარდი კი დიდ სპორტსმენებს არ ეკადრებათ!